пятница, 14 апреля 2017 г.



სანდრო  ახმეტელის მეთაურობით რუსთაველის თეატრი მსოფლიო მნიშვნელობის თეატრების ნუსხაში შევიდა.

ყველა სადიდებელი ეპითეტი ეკუთვნის სანდრო ახმეტელს - უკომპრომისო, უდიდეს შემოქმედს. ქართული თეატრის ისტორიის ოქროს ფურცლები მის სახელს უკავშირდება.

სანდრო ახმეტელი დააპატიმრეს 1936 წლის 19 ნოემბერს. დაპატიმრების ორდერი 9299. დიდი რეჟისორის წამება, დაკითხვები თბილისის საკანში 222 დღე გაგრძელდა. 6 წლით ადრე მოსკოვში, თეატრების ოლიმპიადაზე სანდრო ახმეტელის სპექტაკლების ტრიუმფალური წარმატებას  საზღვარგარეთ მიწვევები მოჰყვა. რუსთაველის თეატრი აშშ-სა და ევროპაში უნდა წასულიყო. სანდრო ახმეტელმა უკანასკნელ დღეს, 1937 წლის 28 ივნისს  სიცოცხლის შენარჩუნება ითხოვა. განაჩენი გამოუტანეს - „დახვრეტა“. 29 ივნისს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს - წერდა სანდრო ახმეტელის მკვლევარი ვასილ კიკნაძე.

სანდრო ახმეტელის ბავშვობა და ყრმობა

სანდრო ახმეტელი დაიბადა 1886 წლის 14 აპრილს, სოფელ ანაგაში. პატარა სანდრო თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ქართულ ლიტერატურას ცნობილი ქართველი მწერალი ვასილ ბარნოვი ასწავლიდა. ბავშვს აბსოლუტური სმენა და მშვენიერი ხმა ჰქონდა. უკრავდა ყველა ხალხურ საკრავზე. 1900 წელს სწავლა ქალაქ განჯის გიმნაზიაში განაგრძო, საიდანაც თავისუფალი აზროვნებისთვის და ურჩობისათვის გარიცხეს. ძლივს მოხერხდა განჯის გიმნაზიიდან გარიცხული სანდროს თბილისის გიმნაზიაში ჩარიცხვა. იქ იმ დროს ინსპექტორის თანამდებობა ეკავა ცნობილ მოღვაწეს ექვთიმე თაყაიშვილს.

დებიუტი სცენაზე და პეტერბუგი

ქალაქ განჯაში, 1903 წლის 23 თებერვალს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ შედგა საღამო, სადაც კომედია „ხანუმას“ სცენებში ცნობილ ქართველ მსახიობებთან - ნატო გაბუნია-ცაგარელისა და ვასო აბაშიძესთან ერთად, მონაწილეობდა 17 წლის ჭაბუკი სანდრო ახმეტელი. მალე სანდრო ახმეტელი პეტერბურგში გაემგზავრა, იურიდიულ მეცნიერებათა შესასწავლად. პროფესორი შალვა ნუცუბიძე, რომეიც ახმეტელთან ერთად სწავლობდა პეტერბურგში წერდა ახმეტელის უჩვეულო მომხიბვლელობაზე, გოლიათური ძალის, უშიშრობის, ავიაციით მისი გატაცების შესახებ, თუ რა ხარბად ეწაფებოდა სათეატრო ლიტერატურას. აღამებდა ბიბლიოთეკაში, დადიოდა თეატრებში, ღამით წერდა სტატიებს თეატრის პრობლემებზე, რომლებსაც ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა. სანდრო ახმეტელი პეტერბურგელ ქართველთა სათვისტომოს აქტიური წევრი იყო.

სამშობლოში ჩამოსვლა და პირველი სპექტაკლი პროფესიულ სცენაზე

სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ ახმეტელი გატაცებულია ჟურნალისტიკით, სტუდიაში კითხულობს ლექციებს თეატრის ისტორიის საკითხებზე. მისი ერთ-ერთი საგულისხმო ფრაზაა: „გადაგვარება ერისა იწყება მაშინ, როდესაც მისი კულტურა ხელოვნებისა ეცემა...“ 1919 წელს ქართულ საოპერო სტუდიაში ახმეტელმა დადგა თავისი პირველი სპექტაკლი, დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, სპექტაკლის დონე იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ რამდენჯერმე გაიმეორეს - სტუდიელებთან ერთად მონაწილებდნენ სახელგანთქმული მომღერლები ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი.

როგორ ირწმუნა ვალერიან გუნიამ სანდრო ახმეტელის ნიჭიერება და ქართული თეატრის უპრეცენდენტო ფაქტი

1919 წელს საზოგადო მოღვაწემ და მსახიობმა ვალერიან გუნიამ დასი შეადგინა. დასის რეჟისორთა შორის იყო სანდრო ახმეტელიც. შემდეგ, გუნიას იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვაში სანდრო ახმეტელი იტყვის: „ქართულ თეატრში გზა ვალერიან გუნიამ დამილოცა!“ ქართულ დრამაში სამუშაოდ ახმეტელი თანხმდება ორი პირობით: მოქმედების სრული დამოუკიდებლობა და უფლება იმ მომენტში შეწყვიტოს სპექტაკლზე მუშაობა, როდესაც ამას თვითონ ჩათვლის საჭიროდ. მისი პირველი რეპეტიცია ტაშით დამთავრდა. სანდრო ახმეტელის სპექტაკლში „ბერდო ზმანია“, მკვლევარები აღნიშნავდნენ: მსახიობთან მუშაობის გასაოცარ უნარს და ალღოს, ანსამბლური სპექტაკლისკენ მისწრაფებას, უჩვეულო რიტმს... ვასო გოძიაშვილი წერდა: „ბერდო ზმანია“ იყო გაზაფხულის პირველი ქუხილი, რომელსაც მოჰყვა რუსეთიდან ჩამოსული მარჯანიშვილის მიერ მოტანილი ქარიშხალი და თავსხმა წვიმები. მათ ჩამორეცხეს ქართულ თეატრს ყველაფერი მოძველებული, ხავსმოკიდებული, ობმოკიდებული და ამით გამოავლინეს ქართველი ხალხის ნიჭი და ტემპერამენტი.“

ორი ლიდერი ერთ თეატრში



1921 წლის 25 ნოემბერს ქართულ დრამატულ თეატრს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელი. დასის წევრი იყო სანდრო ახმეტელიც. 1922 წელს თბილისის რუსული დრამის თეატრის მოწვევით ჩამოდის კოტე მარჯანიშვილი, რომელმაც 25 ნოემბერს „ცხვრის წყარო“ დადგა. 1923 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში ახმეტელი წერს ახალი ტიპის მსახიობის აღზრდის შესახებ, რომელიც უნდა იყოს ემოციური და პლასტიკურად მეტყველი. 1923-1924 წლის სეზონში შეიქმნა ახალგაზრდული გაერთიანება, კორპორაცია „დურჯი“. მათი ხელმძღვანელი იყო სანდრო ახმეტელი, მასტიმულირებელი უმაღლესი ავტორიტეტი მარჯანიშვილი. ამ ორმა დიდმა რეჟისორმა ერთობლივი სპექტაკლები დადგეს, მაგრამ განხეთქილება მოხდა სპექტაკლზე „ლამარა“. ამ წარმოდგენაზე მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილმა, მაგრამ მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო დაასრულა ახმეტელმა. 1926 წელს მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წავიდა. მოკლე ხანში მან ახალი თეატრი შექმნა. ორივე თეატრს დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ რუსთაველის თეატრის სპექტაკლებმა მოსკოვის ოლიმპიადაზე ფურორი მოახდინა. სანდრო ახმეტელის სიტყვის ნაწყვეტი: „ისეთ დიდ რეჟისორს, როგორც მარჯანიშვილია, პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი მიდგომა აქვს, საკუთარი მეთოდი, რომელსაც მე არ ვცნობდი, ის არ ცნობდა ჩემ მეთოდს - და ჩვენ დავშორდით.“ 1926-35 წლებში სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

მოსკოვის ოლიმპიადაზე რუსთაველის თეატრმა პირველი ადგილი აიღო

1930 წელს რუსთაველის თეატრმა სანდრო ახმეტელის სპექტაკლებით - „ლამარა“, „ანზორი“, „რღვევა“... მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართული ეროვნული თეატრების ოლიმპიადაში. ახმეტელის წარმოდგენები თითქმის ერთი თვის მანძილზე იმართებოდა ჯერ მეორე სამხატვრო თეატრში და მერე მაყურებელთა მოთხოვნით მცირე თეატრში. სპექტაკლებს ესწრებოდნენ რუსი და უცხოელი ხელოვნების მოღვაწენი. ოლიმპიადაზე რუსთაველის თეატრმა პირველი ადგილი მოიპოვა. 1933 წელს სანდრო ახმეტელმა დადგა შედევრი - შილერის „ყაჩაღები“. ჟიურის დადგენილებაში წერია: „რუსთაველის სახელობის თეატრი წარმოადგენს გამორჩეულად მკვეთრ და მნიშვნელოვან მოვლენას მსოფლიო კულტურის სფეროში.“ 1933 წელს ტრიუმფალური გასტროლები განმეორდა მოსკოვში და ლენინგრადში.

აი, რას წერდნენ უცხოელები ახმეტელის სპექტაკლებზე და რუსთაველის თეატრის დასსზე



ნილსენი, ოსლოს თეატრის დირექტორი: მე ვერ წარმომიდგენია, რომ ხალხური რიტმის, მუსიკისა და ფიზიკური მოძრაობის შეერთება შეიძლებოდა ისე, როგორც ეს შეძლო ახმეტელმა.

ოლეგ ლიტოვსკი, კრიტიკოსი: ახმეტელი, ისე როგორც არავინ, დიდებულად გრძნობს სცენას და იცის მისი ყოველმხრივ შევსება; მსახიობი ქართულ თეატრში რელიეფურია. იგი სცენის ცენტრალური ფიგურაა. მთელი კოლექტივი აღზრდილია მეტყველების კულტურის შესანიშნავ ტრადიციებზე და საოცრად ფლობს მოძრაობისა და ჟესტის ხელოვნებას.

ანა ლუიზა სტრონგი, ამერიკელი მწერალი: „ანზორის“ მესამე აქტი თავისი დრამატიზმის დატვირთულობით და არქიტექტონიკით ისეთ სიმაღლეს აღწევს, როგორიც მსოფლიო სცენაზე არ მინახავს. ჩემი საუკეთესო თეატრალური შთაბეჭდილებები მოსკოვში რუსთაველის თეატრია. ეს თეატრი უნდა ნახონ საზღვარგარეთ, უნდა შევისწავლოთ ქართული თეატრის განსაკუთრებული შემოქმედება, რომლითაც ჩვენ თავს ვგრძნობდით ბედნიერ მაყურებლად.

პელი ფლანაგანი, ნიუ-იორკის თეატრ „ვასარის“ დირექტორი: „ლამარა“ მე მომეჩვენა სრულიად არაჩვეულებრივ წარმოდგენად. მუსიკა, ცეკვა, მსახიობების შემოქმედება გადახლართულია ცოცხალ ჰარმონიაში სცენის ფონზე, რომელიც ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს მხატვრობასაც და გაბედულ არქიტექტურასაც... სხვანაირად რომ ვთქვათ, რეჟისორს გამოუყენებია მთელი ხელოვნება, რომ შეექმნა სინთეზური თეატრი.

მარსელ კაშენი, ფრანგი მწერალი: მე დიდი სიხარული განვიცადე „ლამარას“ წარმოდგენაზე. სიხარული განვიცადე, არა მარტო იმიტომ, რომ არტისტები დიდი ოსტატობით თამაშობენ, არამედ იმიტომაც, რომ მასში ქართული სული შევიცანი. აი ჩვევათა და, მაშასადამე, ძველი კულტურის მართლა აღდგენა, რაც პატივს დებს შემოქმედთ...

ჰერდალ გრიგი, ნორვეგიელი დრამატურგი: მადლობა სიცოცხლით სავსე და უმშვენიერესი სპექტაკლისთვის, რომლის მსგავსი არსად მინახავს.

პაულიანა ბრიუნიუსი, შვედი მსახიობი: „ლამარა“ აღმოჩენაა ნამდვილი სილამაზისა და სიმშვენიერის.

ანატოლი ლუნაჩარსკი: რუსთაველის თეატრმა მოსკოვი მოაჯადოვა. დედაქალაქის საზოგადოებრიობის და ჩემი აზრითაც, ის მსოფლიო მოწინავე თეატრების რიგში ჩადგა.

ეს უმთავრესად იმის გამო მოხდა, რომ ქართველები თავისთავად წარმოადგენენ შესანიშნავ აქტიორულ მასალას. უდიდესი, არაჩვეულებრივი ტემპერამენტით, თამაშის სერიოზულობით, მოძრაობათა სიმსუბუქით და მეტყველი მიმიკით, რომელსაც სისპეტაკის ბეჭედი აზის, ქართველებმა გააოცეს მაყურებელი.


სტატიაში გამოყენებულია აღიარებული მეცნიერების - ვასილ კიკნაძისა და ნათელა ურუშაძის კვლევები. ასევე, „რუსთაველის თეატრის“ (ალბომი) მასალები.



вторник, 10 мая 2016 г.

მანანა ტურიაშვილი

ქართულ-გერმანული „მრისხანება“

რას ფიქრობს „მრისხანების“ შემოქმედებითი ჯგუფი და ერთი მაყურებელი. „ყველა ადამიანმა  უნდა იფიქროს ის, რაც მას სურს და რისი დანახვის უნარიც აქვს.“ - გვითხრა მწერალმა, დრამატურგმა და რეჟისორმა ნინო ხარატიშვილმა.


ამ დღეებში თუმანიშვილის თეატრში, ქართველი მაყურებელი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს, გერმანიაში აღიარებული რეჟისორისა და მწერლის, ნინო ხარატიშვილის სპექტაკლს „მრისხანებას“, რომლის ქართული პრემიერა გაიმართა 6, 7, 8 მაისს. ამ წარმოდგენის გერმანული პრემიერა შედგა ქალაქ ფრაიბურგში, გასული წლის ოთხ დეკემბერს. სპექტაკლში მონაწილეობს ოთხი გერმანელი და ოთხი ქართველი მსახიობი.

სპირალისებრ დაგრაგნილ მილზე (სცენოგრაფია იულია ბიურლე-ნოვიკოვა), რომელზეც სხვადასხვა ტანსაცმელიც ეკიდა, ხშირად გმირების სცენური ცხოვრებაც მიმდინარეობდა, მართალია მსახიობებს ზოგჯერ უჭირდათ მასზე მოძრაობა, მაგრამ მაყურებლის გაოცების სურვილი და თვალისთვის „უცხო სანახაობის“ ჩვენების მცდელობის გზა ასეთია, ის „მსხვერპლს“ ითხოვს.

წარმოდგენა ქართულ და გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა. მსგავსი სპექტაკლი ვიხილეთ 2014 წლის შემოდგომაზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც რეჟისორმა ლევან წულაძემ ქართულ-იტალიური პროექტის ფარგლებში, ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები“ ორ ენაზე წარმოადგინა.

„მრისხანებაში“ ქართველი მსახიობების ტექსტები მესმოდა, მაგრამ გერმანული ტექსტის გასაგებად მუქ ეკრანზე ასახული ტიტრები უნდა წამეკითხა, რაც სცენური მოქმედების აღქმაში ხელს მიშლიდა. ასე მივჩერებოდი უცხო ტექსტს და გუმანით ვგრძნობდი, რომ ფიცარნაგზე ცოლ-ქმრის კონფლიქტი იყო გაჩაღებული. ხოლო ქმრისა და მისი საყვარლის სასიყვარულო სცენები, ძირითად სპირალზე მიმდინარეობდა, რომელიც თვალს გტაცებდათ სხვადასხვა სექსუალური პოზების ჩვენებით, მაგრამ ფილმებში მრავალჯერ ნანახი სცენებიც უღიმღამოდ მიმდინარეობდა. რეჟისორმა ნატურლიზმის თავიდან ასაცილებლად მილზე ვერტიკალურად ჩამოკიდა ხელბშებოჭილი მამაკაცი, რომელსაც მილზე გადამჯდარი სატრფო, მშვენიერი, შიშველი ფეხების აფიშირებით, ხოხვა-ხოხვით უახლოვდებოდა და მათი ტექსტიც, რომელიც უფრო პროზაულ ნაწყვეტს ჰგავდა, ვიდრე დრამატურგიულ ეპიზოდს, სწორედ ამ სცენების ფონზე მიმდინარეობდა. თუმც ნატურალისტურ სცენას ვერ ავცდით, როცა „უცნობმა გოგონამ“ - ტონიმ მაჯები და ფეხები დანით დაისერა და ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით, მაყურებელში ძრწოლის დაბადებას შეეცადა. ახალგაზრდა ქალისა და ცოლიანი მამაკაცის სადო-მაზოხისტური ურთიერთობა, სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ხაზია.



წარმოდგენაში წარსული და აწყმო  გადახლართულია ერთმანეთში, მისი ლიტარატურული საფუძველი ხან აბსურდის ნაწარმოები გგონია, ხან ეგზისტენციალური თეორიის  ზეგავლენის ანარეკლი და ხან პროზაული მონოლოგების კასკადი, რომელსაც სცენური მოქნილობა და პლასტიკა აკლდა. გერმანულენოვანი გმირები ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ, ჩვენ ვკითხულობდით და ვკითხულობდით. ამ დროს იმასაც ვფიქრობდი, პიესად წოდებული ეს ნაწარმოები, რომ წამეკითხა, ალბათ უკეთესი იქნებოდა.

რეჟისორი აშკარად შეუპოვარი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც ერთობ რთულ - ადამიანების ურთიერთობის კრიზისის თემას შეჭიდებია. ის ცდილობს ცხოვრების რეალური ამბებისაგან მხატვრული ეპიზოდები შექმნას, სხვადასხვა ადამიანთა ისტორიების ერთ საერთო ღერძზე აგებას, მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობაა, ვინაიდან ეს „წყეული“ ლოგიკური წყობა გამუდმებით გახსენებთ თავს და სპექტაკლის მსვლელობისას ჩაგჩურჩულებს, რომ რაღაც ისე არ არის. თითქმის ყველა ეპიზოდი, ყველა გმირი ტელევიზიით ნაჩვენები და ფართო მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ პოპულარულ ფილმებს გაგონებთ. ყველა პრობლემა, თემა ან ისტორია: ერთ ფერში გამოხატული მარტოობა თუ გაუცხოება, ბავშვის გაუჩინარება თუ მისი მშობლების განცდები, ქალიშვილის თავისუფალი ქცევა თუ ცოლის მრისხანება, გამდიდრებულის სასოწარკვეთა, ვიღაცის მსხვერპლად ქცევა თუ ღატაკის ბედნიერება და. ა. შ. ჩვენ ბევრ ფილმებში გვინახავს. შეიძლება რეჟისორმა ამ ხერხით მაყურებლის მიზიდვა სცადა.

სპექტაკლში მართას როლის შემსრულებელ, ნინო ბურდულის თამაშში თუ შეიცნობდით გმირის წარსულს, ტანჯვას, ცვლილებებსაც და სასოწარკვეთას. ამ ქართველი მსახიობის (რომელმაც იმავე დროს ნინო ხარატიშვილის პიესები გერმანულიდან თარგმნა) ნამუშევარი იმდენად აშკარაა და მკვეთრი, რომ ამ დროს თავისუფლად შეძლებდით სცენაზე შექმნილი ქაოსისაგან დასვენებას.

გერმანელი მსახიობების შესრულებაში აშკარად შეამჩნევდით მეტყველების კულტურას, მაგრამ კონკრეტულად რას თამაშობდნენ და რის თქმა უნდოდათ, ეს გაუგებარი იყო. თუმცა კარგად გვახსოვს გასული წლის შემოდგომაზე რეჟისორ თომას ოსტერმაიერის „ხალხის მტერი“ (ჰ. იბსენის პიესა), რომელიც ხელოვნების უმაღლესი მწვერვალი იყო. იქ ყველამ ზუსტად იცოდა რისთვის გამოდიოდა სცენაზე და ჩვენთვის რა უნდა ეთქვა - რომ ქვეყანას ვერ გამოადგები მარტო პირად ინტერესებზე აგებული ურთიერთობითა და გარიგებით და თუ ამ პრობლემას ვინმე შეეწინააღმდეგება - ექიმი სტოკმანის მსგავსად, მას შერისხვა და ბოლოს განდევნა დაემუქრება...

შეიძლება ვინმემ თქვას - ის თომას ოსტერმაიერია და ნინო ხარატიშვილი, მასთან შედარებით, ასაკით პატარაა! მაგრამ ხომ არსებობს სცენური კანონები, რომლებიც დიდმა და პატარამ უნდა იცოდეს. თუ სცენური კანონები იცი და ისე აგებ პიესას და მერე სპექტაკლს, მაშინ ისიც გეცოდინება - რის თქმა გინდა ამ პიესით თუ ამ სპექტაკლით. და თუ პიესაში ან სპექტაკლში ეს მთავარი პრინციპი არ ჩანს, მაშინ რისთვის ირჩევ ამაღლებულ ადგილს ანუ ფიცარნაგს?

ფინალისკენ მიმავალ სპექტაკლში, როცა ტრაგიკულად განვითრებული მოვლენები დასასრულს უახლოვდება, ამ დამთრგუნველ ქაოსში ვერ გავერკვიეთ და როცა პიესა მოვიშველიეთ, ძლივს გავიგეთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში გამოსავალი არ არის და ყველაფერი უნდა აფეთქდეს! თუმანიშვილის თეატრის ჭერიდან ამ დიდი სპირალის „გავლით“, დრო და დრო ძირს ეშვებოდა სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი, რომლიც ალბათ მაყურებლის სამოსსაც გულისხმობდა, რითიც რეჟისორმა ამაყად გვამცნო ჩვენი გაშიშვლება და ისიც რომ სახიდან ნიღაბი აგვაფხრიწა, არაცნობიერი ამოგვიტივტივა და კრიზისიდან გაგვათავისუფლა.

რაც შეეხება კრიზისს... გერმანულ პრესა „მრისხანებაზე“ წერს: „ყველა რვა პერსონაჟი განრისხებულია, საკუთარი ნებით არჩეულ ცხოვრებაზე.“ და რომ ეს გმირები სარტრისეული „თავისუფლებით არიან დაწყევლილები“. უნდა შევახსენოთ სამშობლოდან წასულ მწერალ ნინო ხარატიშვილს, რომ საქართველოში, „საკუთარი ნებით“ცხოვრებას არ ირჩევენ და ჩვენ ქართულ დრამას სხვა საწყისი აქვს, სწორედ ამიტომ თბილისში წარმოდგენილ ქართულ-გერმანულ პროექტს - „მრისხანებას“ ერთჯერადი ჩვენების სახე ჰქონდა, რომელიც სულში და გონებაში ქაოსს გიტოვებს, გრთგუნავს და ადამიანის ერთადერთ ნუგეშს - იმედს გართმევს. საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა არსებობისთვის, ბრძოლა ლუკმა-პურისთვის და ე. წ. „ურთიერთობის კრიზისი“ განსხვავებულ საფუძვლებზე დგას, რომელიც უახლოვდება ჩვენთვის და ევროპისთვის საერთო - „ხალხის მტრის“  ოსტერმაიერისეულ ამოხსნა-გაანალიზებას.

ახალგზარდა მწერალს შევხსენებ - სულიერი უფსკრულის პირას, რომ იდგეს ადამიანი თავისი არსით, ღირებულებებით, მაყურებელს იმედი მაინც არ უნდა წაართვა. ისევ ბავშვობის ტრამვებზე, სექსზე, ტერორისტებზე, დაკარგულ თუ თვითმკვლელ ბავშვზე და ა. შ. თემებით გადავსებულია შოუ-ბიზნესის ფილმები, რომლებსაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ როდესაც ხალხი ჯდება ამაღლებული ფიცარნაგის წინ და თავისი ცხოვრების 2 საათს გიძღვნით თქვენ და თქვენ ნამუშევარს: ან მწერლობა აირჩიეთ, ან დრამატურგობა და ან რეჟისურა.

რეჟისორი და დრამატურგი, ნინო ხარატიშვილი: დრამის რეჟისურა ჰამბურგში დავამთავრე. ჩემი აზრით, თეატრი ინტერპრეტაციის ხელოვნებაა და ყველა ადამიანი, თავისი გამოცდილების და ფსიქო-ტიპის მიხედვით, თავის აზრს გამოიტანს. ანუ ეს არის ისტორია რვა ადამიანისა, რომლებიც კრიზისულ მომენტში, დრამატული და ტრაგიკული გზით - ცუდისკენ ან კარგისკენ, გადაწყვეტილებას იღებს. მაინტერესებს ადამიანები ექსტრემალურ სიტუაციაში.

ქალბატონო ნინო, ეს შეყვირებები, ემოციური აფეთქებები, რომლებიც ალბათ ჩვენზე უნდა მოქმედებდეს და ამ დროს თითქოს უნდა ამოიძირკვოს მაყურებელში ჩაბუდებული კრიზისი... მაგრამ ეს არ მოხდა. ისე, თქვენ ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო კრიზისშია?

ბევრი რამ არის კრიზისში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთელი სამყარო კრიზისშია - ეს ძალიან პათეტიკური და ხმამაღლა ნათქვამი იქნებოდა. დღეს ადამიანურ ურთიერთობებში რთულადაა საქმე და ყვირილი რომ შველოდეს საქმეს, კარგი იქნებოდა.

როგორც რეჟისორს და დრამატურგს  თქვენი გმირები, ამ გზაზე მიგყავთ...

კი, მაგრამ ეს არ უშველის.

რისთვის დადგით ეს სპექტაკლი? ვუყურებ, ვთქვათ ამ კრიზისს და მე, როგორც მაყურებელს რა უნდა დამეუფლოს? თქვენი მოსაზრება მაინტერესებს.

როგორ შეიძლება დიქტატორივით დაუკანონო ვინ, რა უნდა იგრძნოს და იფიქროს, ეს მიუღებელია ჩემთვის. ყველა ადამიანმა ის უნდა იფიქროს და იგრძნოს, რაც მას სურს და რისი დანახვის უნარიც აქვს.

თქვენ სპექტაკლს მაყურებლისთვის დგამთ თუ ჩაკეტილი ლაბორატორიული სისტემაა?

რა თქმა უნდა მაყურებლისთვის ვაკეთებ, მაგრამ რომ გავიდეთ და სამ ადამიანს ვკითხოთ, რა ნახა, ყველა სხვადასხვა აზრს იტყვის. ეს კარგია! ხანდახან პიესას, რომ ვდგამ, ჩემ ჩანაფიქრში, მსახიობი სულ სხვა რაღაცას ხედავს და ზუსტად ეს არის რეჟისურაში საინტერესო.

რამდენი სპექტაკლი გაქვთ დადგმული?

2007 წლიდან ვდგამ. სამეფო უბნის თეატრში „ლივ შტაინი“ განვახორციელე, ჩემი პიესები სხვა ქვეყნებშიც იდგმება, მაგრამ მე, როგორც რეჟისორი ვმუშაობ გერმანულენოვან თეატრებში... ბერლინი, ფრაიბურგი, ვენა...

ნინო ბურდული: მე შეიძლება თამაშის დროს ემოცია არ გამიჩნდეს, მაგრამ უნდა ვეცადო, რომ მაყურებელს გავუჩინო ემოცია და გადმოვცე ის აზრი, რაც უნდა რეჟისორს და რაშიც მე ვეთანხმები. საერთოდ ასეა - ან უნდა დაეთანხმო რეჟისორს ან უნდა წახვიდე!

დღეს ითვლება, რომ სათქმელს მნიშვნელობა არ აქვს. მიხეილ თუმანიშვილის შემდეგ, შენ თუ სადმე, რომელიმე სპექტაკლში სათქმელს ნახავ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა... სათქმელი - ეს იყო იმ თეატრში, რომელშიც მე ვარსებობდი, ვგულისხმობ  მიხეილ თუმანიშვილის თეატრს. როცა რაღაცას დგამ, როცა რაღაცას თამაშობ, რაღაცას ხატავ ან მუსიკას წერ და უკრავ - უნდა გაწუხებდეს ან გტკიოდეს, ან გიხაროდეს, ან გაზიარება გინდოდეს. აი, ასეთია ის თეატრი, რომელსაც ნინოს წყალობით რამდენჯერმე შევეხე, რომელიც მიყვარს, რომლისთვისაც მალობელი ვარ, იმიტომ რომ ვგიჟდები მის სპექტაკლებზე, მის პიესებზე... ამასთან, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის საშუალება მომცა, რაც არაჩვეულებრვია!

მე მაინც ვერ გავიგე სათქმელი...

ვერ გაიგე?.. რომ ყველაფერს ფასი ადევს? რაღაცას რომ მიზანდასახულად აკეთებ და როცა გადახდის მომენტი მოდის, მერე ტყდები ან არ ტყდები. ნინო ლაპარაკობს, მაგალითად იმ პერსონაჟებზე, რომლებიც გატყდნენ და ტყდებიან, ეს კიდევ არ ნიშნავს ხელჩაქნეული ცხოვრებას. მაგრამ ხომ არის შემთხვევები, როცა არ ტყდებიან და უფრო დიდ საფასურს იხდიან, მაგრამ ასეთი სიცოცხლე ან გინდა, ან არა!

ჩვენ დავინახეთ ევროპის გარკვეული ნაწილის კრიზისული მდგომარეობა. კრიზისი ადამიანების ურთიერთობაში ჩვენთანაც არის. რას ნიშნავს, როცა ამას ქართველი ხედავს, ვგულისხმობ დარამატურგსა და რეჟისორს - ნინო ხარატიშვილს.

გერმანელი მსახიობი ირის მელამედი: მე არ მგონია, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად ვხედავთ კრიზისს, იმიტომ რომ კრიზისი გამოიხატება ადამიანების ურთიერთობებში, ამიტომ ეს ინტერნაციონალურია. ამ კრიზისის გადმოცემისას, ქართველმა და გერმანელმა მსახიობებმა ერთმანეთს კარგად გავუგეთ და საინტერესო შერწყმა, ემოციების თანხვედრა მოხდა. ნინო ხარატიშვილი ქართველიც არის და გერმანელიც, ამიტომ ორ ერს აერთიანებს.

მსახიობი პაატა ინაური: პირველ რიგში გამოცდილება მივიღე: სულ ყურადღებით უნდა ვიყო, რომ რეპლიკა არ გამომრჩეს. სულ პროცესში ხარ, ერთი წამით არ დუნდები - ისე, ყველა სპექტაკლში ასე უნდა იყო,მაგრამ აქ განსაკუთრებით. ნინოსთან პირველად ვიმუშავე და ძალიან საინტერესო ადამიანია, როგორც მწერალი და როგორც რეჟისორი. ორ ენაზე თამაში საინტერესოა და რთულიც. ხანდახან მგონია, რომ პარტნიორს ჩემი არ ესმის და სიტყვებს ჰაერში ვისვრი, მაგრამ ალბათ რაღაცა გამოდის, არ ვიცი, ეს თქვენ უნდა შეაფასოთ.




               

пятница, 22 апреля 2016 г.

მანანა ტურიაშვილი
როგორ ხედავს შექსპირის სამყაროს ქალი?

400 წლის წინ შექსპირი გარდაიცვალა, მაგრამ მან მსოფლიოს უსასრულო და უძლეველი სიყვარული დაუტოვა.

სცენა სპექტაკლიდან „შექსპირი.ს

უილიამ შექსპირი (1564 წლის 23 აპრილი - 1616 წლის 23 აპრილი) 2016 წელს მისი გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება. შექსპირის საიუბილეო წელს მსოფლიო ინტელექტუალური და სახელოვნებო სამყარო სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. რუსთაველის თეატრმა და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდმა, 20 და 22 აპრილს პრემიერა წარმოადგინა.


რობერტ სტურუა და შექსპირის სამყარო განუყრელი მეგობრები არიან. მისი დადგმები მსოფლიოშია ცნობილი, აღიარებული და პატივდებული. „შექსპირი. სიყვარული“, რუსთაველის თეატრის ამ წარმოდგენის ლიბრეტოს თანაავტორი არის ბატონი რობერტ სტურუა, რეჟისორი და პრინციპში შექსპიროლოგი.


წარმოდგენა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული ფანტაზიაა, სადაც რუსთაველის თეატრის მსახიობები და ბალეტის მოცეკვავე - ნათია ბუნტური შექსპირის სიყვარულზე უსიტყვოდ გვიამბობენ. შექსპირის ენის, მისი ფრაზის მუსიკალურობის სრულყოფილი შეგრძნებისთვის, წარმოდგენაში გამოყენებულია ჯონ გილგუდისა და ალან რიკმანის შექსპირის სონეტების აუდიო-ჩანაწერები. ფიცარნაგზე მოთავსებული ზარდახშიდან შექსპირის გმირები ამოდიან, უნიჭიერესი მსახიობის - ლელა ალიბეგაშვილის შექსპირს, თან სდევს ნათია ბუნტურის პლასტიკური და მეტყველი ბედისწერა.


ნათია ბუნტური
ფილოლოგიის დოქტორი, რუსთაველის თეატრის თანამშრომელი, დავით მაზიაშვილი: ეს არის ასოციაციური, ალუზიური აღქმა. აქ შექსპირის სამყაროა, საიდანაც ამოიზრდება სხვადასხვა თემები, მოტივები... პირველ რიგში მოიცავს შექსპირის სონეტებს, შემდეგ ტრაგედიებს და კომედიებს, მაგრამ აქ არის აბსტრაქცია...

კონკრეტულად, რომელი ნაწარმოები გაქვთ გამოყენებული?

ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე: ამის ცოდნა საჭირო არ არის! თქვენ რაზეც გაგიჩნდათ ასოციაცია, ის ნაწარმოებია. ჩვენ ხომ არ დავაკონკრეტეთ! ლიბრეტოზე ზაფხულიდან მოყოლებული ვმუშაობთ, მე და ბატონ რობერტ სტურუამ გავაკეთეთ.

მოქმედი გმირების ურთიერთობები თქვენ ააგეთ?

დიახ! მე ვარ დამდგმელი. ქორეოგრაფი ისედაც რეჟისორია!

მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია: ეს ხომ არ არის იმ ფორმის სპექტაკლი, რასაც დრამატული წარმოდგენა ჰქვია, იმიტომ რომ იქ ცოტა მეტი ემოცია გაჭირდება, ფრაზაზე მუშაობ და ა. შ. აქ გმირის სხეულში ხარ. შეიძლება შექსპირი წაკითხული არ გქონდეს და არ იცოდე რა ხდება სცენაზე, მაგრამ მე მგონია, რომ პატარა მინიშნებები მაინც არის და ეს გასაგები უნდა იყოს.

უსიტყვოდ მოყვე ამბავი - ალბათ თქვენთვის ეს კიდევ ერთი გამოცდილებაა...

მე მარიამ ალექსიძის „ჰარირაშიც“ ვთამაშობდი. მაინტერესებს ასეთი სამუშაო და გულიც ამიტომ მიმიწევს მოძრაობისკენ. პირველ კურსზეც ვფიქრობდი - პანტომიმაზე ხომ არ გადავიდე!

შექსპირზე ხომ კამათობენ - ქალი იყო თუ კაცი? ჩვენ სპექტაკლში შექსპირი ქალია, რომელსაც მაგარი მსახიობი და მაგარი ადამიანი - ლელა ალიბეგაშვილი თამაშობს.

მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი: 2000 წელს მსგავსი პერსონაჟი, რობერტ სტურუას „კარმენში“ ვითამაშე. ჯანო კახიძე დირიჟორობდა. „კარმენში“ მქონდა ბედისწერის როლი - შემოქმედებითი სული ქმნის და მერე გიჟდება. ახლა, რომ გითხრათ „ვაჰ, რა გავაკეთე“ - ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მარიამის ქორეოგრაფია ისე მომწონს, რომ მშვენივრად გავერთე და ახალგაზრდებთან სიამოვნებით ვიმუშავე. ეს არ იყო წამება ან გაუთავებელი რეპეტიციები.


მე საბალეტო სკოლა დავამთავრე და თანამედროვე ბალეტი, ჩემთვის მსუბუქი ჟანრია. პარტნიორი ახალგაზრდა ბალერინა მყავს - ნათია ბუნტური. სასიხარულო ინფორმაცია - მარიამს თეატრი დაუმტკიცეს დ მას 8 კაციანი მუდმივი დასი ეყოლება, თბილისის მერიამ დააფინანსა.

ბალეტის მოცეკვავე, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სოლისტი, ნათია ბუნტური: მარიამი გვაძლევს თავისუფლებას, რომ ჩვენც და მაყურებელმაც წარმოსახვის ტერიტორია დავიტოვოთ, ამიტომ თამამად ვიტყვი: შექსპირი უკიდეგანო სივრცეა და მთელი სამყარო.

ნათია, დრამატული თეატრის მსახიობებთან როგორ მუშაობდი?

უნდა გითხრა, რომ კარგი გაგებით კომპლექსი მაქვს, იმიტომ რომ მათ იციან ის, რაც მე ბოლომდე არ ვიცი, არ მისწავლია და ალბათ არც უნდა ვიცოდე - სწორედ ეს არის საინტერესო. მე პლასტიკით გამოვხატავ, არა? მაგრამ ამ დროს ვაკვირდები მათ, თუ როგორ ამუშავებენ ამა თუ იმ მოძრაობას, გრძნობას თუ პერსონაჟს. დრამატული თეატრის მსახიობები განსხავებულად გამოხატავენ, ამიტომ მე უფრო მეტს ვსწავლობ. ყოველდღიური რეპეტიციები, თუნდაც ნახევრ საათიანი, მოდის უშრეტი წყალივით, ისევე როგორც შექსპირის შემოქმედება და ამას ემატება ისიც, რომ მარიამის ქორეოგრაფიაა უშრეტი ფანტაზიის მქონე.

მარიამ ალექსიძის ბაბუა აღიარებული რეჟისორი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე იყო, მამა ქორეოგრაფი - გოგი ალექსიძე. ქალბატონმა მარიამ ალექსიძემ მოცეკვავის კარიერას, ქორეოგრაფია ამჯობინა და უკვე 2011 წელს მარინა, ნინო, დიმიტრი, ირინე, ანა ალექსიძეებთან ერთად „გიორგი ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი“ დააფუძნა. ამ ფონდის ეგიდით დაიდგა სპექტაკლები: „აჯარპანი“, „ალვა“, „ჰარირა“, „გურჯი-ხათუნი“. „შექსპირი. სიყვარული“ - ჩვენი ინფორმაციით, ამ ფონდის მე-5 წარმოდგენაა. მან ჩაუყარა საფუძველი პროექტს: „ფანტაზია ქართული ფოლკლორის თემაზე“. ქართული ბალეტის განვითარების ეს ტრადიცია დაუფუძნებია ვახტანგ ჭაბუკიანს, შემდეგ გიორგი ალექსიძეს გაუგრძელებია და დღეს, მათ მემკვიდრე მარიამ ალექსიძეა.





вторник, 19 апреля 2016 г.



მწყემსობიდან სათეატრო ჟურნალის რედაქტორობამდე



იოსებ იმედაშვილი დაიბადა 1876 წლის 20 აპრილს

XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული სათეატრო ჟურნალისტიკა გამოირჩევა არნახული გულწრფელობით, ობიქტურობით და პირდაპირობით. „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“... ილია, აკაკი, სერგეი მესხი და სხვანი, ბევრს წერდნენ თეატრზე, სპექტაკლებზე, მსახიობებზე. თეატრისთვის უამრავი რამ უკეთებია იოსებ იმედაშვილს, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორ-გამომცემელს, რომელსაც დღეს 140 წელი უსრულდება.

უდიდესი პროზაიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „იმედაშვილს რომ დავინახავ ან გავიხსენებ ხოლმე, ძალაუნებურად მაგონდება ქვაშვეთის ქუჩა, ბუკინისტების რიგი და იმ რიგში ერთი პაწაწინა ქოხი. იმ ქოხში ზაფხულში უფრო ცხელა, ხოლო ზამთარში უფრო ცივა, ვიდრე გარეთ. წიგნებში ჩამძვრალი იოსებ იმედაშვილი რიჟრაჟიდან დაღამებამდე თავჩაღუნული ზის დახლის უკან და გამალებით მუშაობს. ვითომ წიგნებითაც ვაჭრობს, მაგრამ... მუშტრების მაგივრად უფრო ნაცნობ-მეგობრები ეხვევიან და ხელს უშლიან, ხოლო მუშტრისთვის სოსოს არ სცალიან, ამიტომ არც მუშტარს სცალია ახირებული „ვაჭრისთვის“. მუშტარი რომ შემოვა, უცნაური „ვაჭარი“ და მწიგნობარი თავს ძლივს ასწევს, პასუხსაც ძლივს აკადრებს, ზოგჯერ კი არც ამისთვის სცალიან... კვლავ ჩრჩილივით ჩაუჯდება ქაღალდებს.“ შეღამებისას იოსებ იმედაშვილი თავის დუქანს დაკეტავდა და სახალხო სახლში ან მურაშკოს თეატრში მირბოდა, როლის სათამაშოდ.

იოსებ იმედაშვილი ბავშვობაში მწყემსი იყო. ჭაბუკობაში ზეინკალი, მერე სცენისმოყვარეთა წრის ხელმძღვანელი, ხელნაწერი ჟურნალის რედაქტორი, საუბნო წარმოდგენების მონაწილე, ბუკინისტი, სცენისმოყვარეთა პირველი ოფიციალური სპექტაკლის რეჟისორი, მეფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული პოემების ავტორი, ლექსიკოლოგი, სოფელ ხაშმის არჩევითი მამასახლისი (1905 წელი); მეტეხის ციხის ხშირი პატიმარი, ქართული თეატრის მსახიობი, დრამატული საზოგადოების მდივანი, ჟურნალ „თეატრისა და ცხოვრების“ რედაქტორ-გამომცემელი, უებრო ორატორი....

ხანში შესულს, ერთხელ სვანეთში მიეჩქარებოდა ლექციების წასაკითხად. თეთრი წვერით, ქართული თექის ქუდით და ხელჯოხით რუსთაველზე მდებარე აეროფლოტის სალაროს გაღებას ელოდებოდა. თვითმხილველი შეწუხებულა - ამ ასაკში თავს უნდა გაუფრთხილდეო. იოსებ იმედაშვილს უპასუხია: „იმდენი რამე მაქვს გასაკეთებელი, იმდენი, რომ ერთი საუკუნე არ მომჭარბდება. სამკალი ბევრია, მომკელი კი ნაკლები. უნდა გავაცნო ჩვენს ხალხს ბრძოლებით სავსე მისი წარსული, გმირული აწყმო.“

იოსებ იმედაშვილის პორტრეტის შტრიხები

მეფის მთავრობა ხელს უწყობდა ეროვნული შუღლის გაღვივებას. ამ ანკესს წამოეგო თათართა და სომეხთა ზოგიერთი ფენა და დაიწყო ძმათა შორის სისხლის ღვრა. გარეკახეთიდან იორ-მუნღალოს თათრობა  დაიძრა და თბილისში აპირებდა ლაშქრობას სომხების გასაჟლეტად. იოსებ იმედაშვილი თავისი რაზმით წინ აღუდგა მათ და თბილისისკენ მიმავალი ლაშქარი უკან გააბრუნა.

გურიაში აჯანყებულთა ასაწიოკებლად დამსჯელი რაზმები გააგზავნეს. მთავრობას პროტესტს უცხადებდნენ ამის გამო. ერთ დღეს მეფის ნაცვლის სასახლეს ცხენოსანთა რაზმი მიადგა იოსებ იმედაშვილის მეთაურობით და მეფის ნაცვალს, ხალხის სახელით გურიიდან ჯარის გაყვანა მოითხოვა. თუ ეს არ გიქნიათო, განაცხადეს გარეკახელებმა, იარაღს ავისხავთ და მისაშველებლად გურიისკენ დავიძვრებითო. გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა შეიარაღებული დელეგაციის სურათი, რომელთა შუაში იოსები იდგა.

როგორ გამოსცეს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“

ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ გამოდიოდა 1910, 1914-20, 1923-26 წლებში. ჟურნალი გამოსცა ადამიანმა, რომელსაც არ გააჩნდა არც პოლიგრაფიული ბაზა, არც ქაღალდი, არც ბინა რედაქციისთვის, არც თანამშრომლები ჰყავდა და არც საჭირო თანხა ჰქონდა.

ალექსანდრე ბუხნიკაშვილი იხსენებს იოსებ იმედაშვილის ნაამბობს: „ერთი აზრი ამეკვიატა - განვიზრახე სათეატრო ჟურნალის გამოცემა. ვიცოდი ჩემი ბუნება: თუ რაიმე აზრი დამებადებოდა, ნემსის ყუნწში გავძვრებოდი და უნდა შემესრულებინა. გროშ-კაპიკი არ მქონდა. ბედად შევხვდი მიტროფანე ლაღიძეს. ჩემი ზრახვანი გავუზიარე. დაინტერესდა და ორასი მანეთი მასესხა. აი, ამ თანხით დავიწყე საქმე და როგორც იცი, 15 წლის მანძილზე ვცემდი ჟურნალს.“

იოსებ იმედაშვილმა დაარსა „თეატრი და ცხოვრება“ და მისი რედაქტორ-გამომცემელი იყო. ყოველკვირეულ თეატრალურ-ლიტერატურულ ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: შალვა დადიანი, კოტე ყიფიანი, კოტე მესხი, იოსებ გრიშაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვანი. ჟურნალში იბეჭდებოდა ახალი პიესები, სტატიები თეატრის ისტორიისა და თეორიის საკითხებზე, მსახიობთა აღზრდაზე, რეჟისორის ოსტატობაზე, მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობაზე; რეცენზიები სპექტაკლებზე, ლიტერატურული და იუმორისტული ხასიათის წერილები, კარიკატურები.

ჟურნალის კარი ყველასთვის ღია იყო

ჟურნალში აკაკის, გალაქტიონ ტაბიძის და სხვა საამაყო პოეტების გვერდით უცნობი პოეტების ნაწერებიც ქვეყნდებოდა. დიდ მსახიობთა პორტრეტებთან სცენისმოყვარეთა სურათებიც იბეჭდებოდა. გამოჩენილ საზოგადო მოღვაწის გვერდით კი, რომელიმე მივარდნილი სოფლის სამკითხველოს გამგის პორტრეტს იხილავდით. პირველი მსოფილო ომის დროს ქართველი რიგითი მეომრების სურათებიც უხვად იყო.  1925 წლის ივნისში „თეატრი და ცხოვრების“ საიუბილეო ნომერი გამოვიდა.

მიხეილ ჯავახიშვილი: ჩემი ქართულის მასწავლებელი იოსები იყო

მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „...იოსებ იმედაშვილი ჩემი ქართულის ნათლიაა. რუსეთიდან რომ დავბრუნდი, ვაღიარებ ჩემ სირცხვილს - ქართული ნაკლებად ვიცოდი. ბედმა იმედაშვილის წიგნის დუქანში შემიყვანა. მოვითხოვე ქართული წიგნები. ერთმანეთს გამოვეცნაურეთ. იმ დღიდან ხშირი სტუმარი გავხდი მისი დუქან-სამკითხველოსი. სანამ „ცნობის ფურცელში“ დავიწყებდი მუშაობას, ჩემი ქართულის მასწავლებელი იოსები იყო. პირველად მან წაიკითხა ჩემი პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ და იმანვე გამაგზავნა „ცნობის ფურცელში“.

მასალა დაამუშავა მანანა ტურიაშვილმა
ფოტოები ლუარსაბ ტოგოტიძის კოლექციიდან


среда, 5 марта 2014 г.


გამოქვეყნებულია ჟუნალში „ჩვენი მწერლობა“, #3,2014 წელი

ეს სანუკვარი უწონადობა
ავტორი -  მანანა ტურიაშვილი


2013 wlis 20 seqtemberidan 8 oqtombramde mimdinareobda Tbilisis saerTaSoriso Teatraluri festivali. festivali moicavda ucxour da qarTul programebs. ucxouri programa or nawilad iyo dayofili: 1. aRiarebuli speqtaklebi da 2. NEW _ axali speqtaklebi. Tbilisis saerTASoriso festivalis devizi iyo: `realobis natifi grZnobiT~.
თბილისის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა ზუსტად გათვლილი, თემატურად შერჩეული სპექტაკლებით იყო განპირობებული, სადაც წარმოდგენები ტემპო-რიტმის მიხედვით ენაცვლებოდა ერთმანეთს: მშვიდი და გაწონასწორებული,  ფილოსოფიური „მთვარის უხილავი მხარე“, თავაშვებული „მაკბეტი“, „გოდოს მოლოდინის“ ჩუმი კივილი, „გულივერის მოგზაურობის“ წრეგადასული სისასტიკე, „დაკარგულის“ ცეცხლოვანი ტემპერამენტი, „ბრძოლის შემდეგ“ დამყარებული სიმშვიდის მოზაიკური ეფექტი, „ძმები კარამაზოვების“ შინაგანი, წამლეკავი ემოცია და. ა. შ.
ფესტივალის ორგანიზატორების მიერ მოწყობილ ყოველ საღამოს  სიახლეს ელოდი, დროს არ ფლანგავდი,  პერონაჟების ტკივილს შეიგრძნობდი, მათ სიხარულს, აღმაფრენას, მარცხს, განხიბვლას, ღმერთთან კამათს და უღმერთობას, მოყვასის სიყვარულს და  მის მიმართ სიძულვილს, სისატიკეს და მოთმინებას. ადამიანთა განცდებით შექმნილი სცენური ატმოსფერო მაყურებელთან ცოცხალ კონტაქტს ამყარებდა, ტექსტი სხვადასხვა ენაზე მოედინებოდა მაყურებელთა დარბაზში და გრძნობდი, რომ შენც სამყაროს ნაწილი ხარ, რომ „ისინიც“, იქ, შორეულ და ჩვეულებრივი ქართველი მოკვდავისათვის მიუწვდომელ ქვეყნებში, იმგვარადვე განიცდიან ტკივილსა თუ სიხარულს, როგორც ჩვენ. ისინიც ეძებენ პასუხს კითხვაზე: რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე, რა გვინდა და სად მივდივართ?


თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში  წერია: „EX MACHINA არის მულტიდისციპლინარული დასი, რომელიც მსახიობებს, მწერლებს, დამდგმელ რეჟისორებს, ტექნიკურ პერსონალს, ოპერის მომღერლებს, თოჯინების თეატრის მსახიობებს, კომპიუტერული გრაფიკის დიზაინერებს, ვიდეო არტისტებს და მუსიკოსებს აერთიანებს.“

რეჟისორი რობერ ლეპაჟი
ბოლო მონაცემებით, EX MACHINA-ს ხელმძღვანელის, რეჟისორის, მსახიობისა და დრამატურგის რობერ ლეპაჟის სპექტაკლი „მთვარის შორი მხარე“, მსოფლიოს 50 ქალაქში უჩვენეს. თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რომ სცენურ ფიცარნაგზე მხოლოდ ერთი ადამიანი თამაშობს, მაშინ ამ წარმოდგენას  მონოსპექტაკლი უნდა ვუწოდოთ. წარმოდგენის ნახვის შემდეგ რწმუნები, რომ რეჟისორმა ჩანაფიქრის განსახორციელებლად ერთი მსახიობი პრინციპულად აირჩია, რათა ხაზი გაესვა მთავარი გმირის - ფილიპის მარტოობის თემას და მის მოტივაციას მოშორდეს დედამიწაზე არსებულ რეალობას, „ჩამოიშოროს“ ფიზიკური ტვირთი და გახდეს უწონადი. ლეპაჟი თავად ასახირებდა ამ როლს, მაგრამ თბილისში კანადელმა მსახიობმა ივ ჟაკმა ითამაშა. სპექტაკლის დადგმიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ლაპაჟი ამ თემას კინემატოგრაფიის საშუალებით დაუბრუნდა და როგორც თავად ამბობს: ტექსტი კიდევ უფრო მეტად დახვეწა, შეავსო. თუმც უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე ფილმი.  წარმოდგენაში აქტიურად იყენებენ ვიდეო-ჩანართებს, რომელებიც დაფუძნებულია კოსმოსური  კვლევების საარქივო მასალებზე.
მთვარი გმირი - ფილიპი ბავშვობიდან ოცნებობს კოსმონატოვბაზე, ის გატაცებულია ამ იდეით. წერს დისრტაციას, რომელსაც ვერ და ვერ იცავს - სამეცნიერო საბჭო უარით ისტუმრებს. „სოიუზ-აპოლონის“, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთვარეზე შემდგარი მეგობრობა, სპექტაკლში სიმბოლურად აღიქმება. მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური ამბები ხომ არ ორი ქვეყნის ურთიერთობაზეა აგებული.
სპექტაკლი და ფილმიც იწყება მთხრობელის ტექსტით, რომელიც მაყურებლზე გამაოგნებლად მოქმედებს: ეს სპექტაკლი მეცნიერებაზე და კოსმონავტიკაზეა?.. რას გვიამობს სპექტაკლის შესავალი: ტელესკოპის გამოგონებამდე ადამიანს მიჩნდა, რომ მთვარე არის უზარმაზარი სარკე, ხოლო მის ზედაპირზე ასახული ლაქები, დედამიწის მთებისა და ოკეანეების ანარეკლია. მთვარის სინჯები აღების შემდეგ, დედამიწელებისათვის ცნობილი გახდა მთვარის უხილავი მხარე, რომელიც დასერილია მეტეორიტული წვიმებით და კოსმოსური ნარჩენებით. სწორედ ამის გამო მეცნიერებმა მას მთვარის მახინჯი მხარე უწოდეს. მთვარის მეორე მხარის კრატერებს დაარქვეს საბჭოთა კოსმონავტებისა და დიდი რუსი მწერლების სახელები. პირველ კრატერს უდიდესი მეცნიერისა და გამომგონებლის - კონსტანტინე ციოლკოვსკის სახელი უწოდეს.
მოქმედ გმირს, ფილიპს დედა უკვდება. ეს ფაქტი ვერ აგვარებს ფილიპისა და მისი ძმის - ანდრეს შორის ბავშვობიდან წარმოშობილ  კონფლიქტს, რომელიც გარდაცვლილი დედის გაუნელებელი წუხილის მიზეზი იყო. ოჯახური განხეთქილება, რომელიც ძირითადად ძმების შეუთვსებელი პიროვნებების არსში მდგომარეობდა, საბედისწეროდ გარდაცვლილი დედის გამო არ იცვლება. ანდრე წარმატებულია, ფილიპი რიგითი, გაჭირვებული ადამიანია, რომელსაც არა აქვს მუდმივი სამუშაო. ის არც ძმასავით შეძლებულია, არც საკრედიტო ბარათი აქვს, არც მეგობარი ქალი ჰყავს - ისიც კი არ ახსოვს, როდის დაშორდა მას. ფილიპი გარე სამყაროს ძირითადად ტელეფონით უკავშირდება და სპექტაკლში ეს სატელეფონო დიალოგი ისეა აწყობილი, რომ მხოლოდ ფილიპის პასუხებიდან ხვდებით უჩინარი მოსაუბრის პიროვნებას. ძმები ძალიან გვანან ერთმანეთს. ანდრე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცია და თუ ჩავთვლით, რომ მთვარე დედამიწას აირეკლავს, მაშინ შეიძლება პარალელიც მოვნახოთ ფილიპისა და ანდრეს უცნაურ მსგავსებაში. ანდრე თითქოს ფილიპის მეორე მხარეა და ძმების განხეთქილება უფრო ფილიპის საკუთარ თავთან კონფლიქტს ჰგავს. სარკის მიერ არეკლილი ადამიანი რეჟისორის კვლევის საგანია. ფილიპი ოცნებას აიხდენს და ჩადის მოსკოვში -კონფერენციაზე, სადაც უნდა წაიკითხოს თეორია - ნაცისიზმის შესახებ. მისი თეორიის მიხედვით მე-20 საუკუნის კოსმოსური კვლევები ძირითადად მოტივირებული იყო ნარცისიზმით. ფილმში მოსკოველი მეცნიერი პასუხობს, რომ ის ეთანხმება მის აზრს, რომ ადამიანმა სარკე გამოიგონა იმისათვის, რომ თავისი თავისათვის შეეხედა, მაგრამ ეს ნაცისიზმით არ იყო განპირობებული, მას უნდოდა საკუთრი თავის შეცნობა. მოსკოვში ფილიპმა მიიღო პასუხი, რომ მხოლოდ  ადამიანის შეცნობის სურვილით დაიბადა მეცნიერება, ხელოვნება, რომელიც  გვიჩვენებს ჩვენ ნათელ და ბნელ მხარეებს; ფიზიკურ ტკივილებს, სულიერ ჭრილობებს.
ფილიპი მთელი ცხოვრება ემზადებოდა კოსმონავტთან პირისპირ სალაპარაკოდ, მაგრამ ეს ოცნებაც არ აუსრულდება. საბჭოთა კოსმონავტ ალექსეი ლეონოვთან შეხვედრა არ შედგება. რობერ ლეპაჟი ანვითარებს რუსი კოსმონავტის ორი პროფესიის - მხატვარისა და კოსმონავტის ერთობლიობის საკითხს, რომელიც ფილმში აქტიურდება. მისი აზრით: მხატვარი და კოსმონავტი ხასიათება ცოდნისმოყვარეობითა და ჯერ კიდევ განუცდელი თავგადასავლების ძიებით. წარმოდგენის ტექსტში კარგად ჩანს რეჟისორის ძიების გზები: ის შეიმეცნებს საკუთარ თავს, ახალი თავგადასვლის ძიებაში დგამს სპექტაკლს, მოქმედებს მაყურებლის გონებაზე და შემდეგ უკვე მის ემოციაზე. დიახ, სწორედ ამ გზას გაივლის კანადელი ხელოვანის გზავნილი, სადაც უწონადობის შეგრძნების განცდა, ადამიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, გაუცნობიერებელ  მიზნად მიჩნია.
სცენა სპექტაკლიდან „მთვარის უხილავი მხარე“
სპექტაკლში აქტიურად ჟღერს დედისა და შვილის თემა, უნაზესი სიყვარულით მომნუსხავი, რომელიც არ საჭიროებს ფროდისტულ წიაღსვლებს. ივ ჟაკს კარადიდან გამოაქვს ცისფერი, ელეგანტური და დახვეწილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მაყურებელი უკვე ხვდება, რომ ფეხსაცმლის პატრონს გემოვნებაც ექნებოდა და ლამაზი ფეხებიც. თუმც დედის ავადმყოფობა ისე ვითარდება, რომ მას ფეხს აჭრიან. რეჟისორისათვის ინფორმაცია კი არ არის მთვარი, არამედ ის ფეხსაცმელი, რომელიც ასე ტრაგიკულად ჟღერდა დედის ფეხებზე ახალგაზრდობისას. ჩვენს მიერ თქმული მსახიობ ივ ჟაკის დახვეწილი, შინაგანად განპირობებული, ასკეტურ მოქმედებებში იბადება. ამ დროს მაყურებლი, მშვიდი და გაწონასწორებული რიტმით,  ფილიპის მონათხრობზე საკუთრ მონოლოგს აყალიბებს და მეხსირების ყულაბიდან  თავისი განცდილი ამოაქვს.  რეჟისორი, თითქოს ზუსტ ამოცანას აძლევს მაყურებელს და  იმპროვიზაციის მუხტს ანიჭებს. ტანმაღალი, ქალის საბურავით თავდამშვენებული ივ ჟაკი ოდნავ-ოდნავ ფეხებს ჩაკეცავს, რათა კოსმონავტის ფორმაში ჩაცმულ შვილს - თოჯინას წონასწორობა შეუნარჩუნოს და ამ ძუნწი მოძრაობით ჩვენ თვალწინ უნატიფესი, დედა-შვილური სიყვარულის ეპიზოდი იბადება. ამგვარი ეპიზოდებით ხომ სავსეა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. სპექტაკლის მსვლელობისას დარბაზში სამარისებული სიჩუმე იდგა, მაგრამ ეს არ იყო შემაწუხებელი სიჩუმე, როცა ფიქრობ: აი, როდის გავა ეს 2 საათი, და სახლში წავალ. ეს სიჩუმე იყო გააზრების, შინაგანი მონოლოგის, რეჟისორის მიგნებებით გაოცებული მაყურებლის მდუმარება... ჩვენ, დარბაზში მსხდომნი ლეპაჟის გმირივით მარტონი ვიყავით და ველოდებოდით მიაღწევდა თუ არა ფილიპი უწონადობას, გაფრინდებოდა თუ არა ახალ ცნობიერებასთან შესახვედრად კოსმოსში, თუ ეს ყველაფერი, მის მიერ განვლილი ცხოვრება, მხოლოდ მიუწვდემელისაკენ სწრაფვით დაუძლურებული ადამიანის უშედეგო მიზანი იყო.
ლეპაჟი სცენის სივრცეს ორად ჰყოფს. დეკორაცია კოსმოსური ხომალდის მსგავსად მხოლოდ აუცილებელ სათავსოებს მოიცავს, რომელიც საჭიროებისამებრ ავტომატურად იხურება და იხსნება. როცა ფილიპი მოსკოვის საკონფერენციო დარბაზშია, დეკორაციის გარკვეული ნაწილის ჩაკეტილი სივრცე იხსნება და მხოლოდ მწკრივად ჩალაგებული წითელი სკამები ჩანს, რაც უკვე რუსეთს მიანიშნებს. როცა მოგრძო ნიშა იხსნება და მთავარ გმირს დედის ცისფერი ფეხსაცმელები გამოაქვს, ხვდები რომ ნიშის ცარიელი სივრცე კარადაა. თავდაპირველად ფიქრობ: იქნებ და რუსთაველის თეატრის სცენა „უბრალოდ“ პრესტიჟულობის გამო დაიკავეს, ან თბილისის თეატრების სხვა სივრცე თავისუფალი არ იყო და ამის გამო ვერ შეძლეს პატარა სცენაზე თამაში. მაგრამ, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, ამ დეკორაციის მიღმა დავინახეთ სხვადასხვა სახის აპარატურა, მსხვილი, ერთმანეთში გადახლართული  სადენები, კომპუტერები. დეკორაციას მართვდა 20-მდე კაცი. და იქ მივხვდი, რომ ამ მონოსპექტაკლს ზუგრს უმაგრებდა სცენის ხელოსანთა  არმია. ერთი მსახიობის სათამაშოდ ამდენი ადამიანის დახმარება, მართლაც არმიად მოგეჩვენებოდათ. ვინაიდან ნებისმიერი დოკუმენტური კადრის გაშვება, დეკორაციაში ნებისმიერი  ცვლილება, სარეცხის მანქანის ილუმინატორის ტრიალიც, წამის სიზუსტით იყო გათვლილი და  დათვლილი.
სპექტაკლში და ფილმშიც იდუმალ სიმბოლოდ იკვეთება აკვარიუმი, რომლის მრგვალი ფორმა ილუმინატროს ჰგავს, მასში ოქროს თევზი დაცურავს. ეს ოქროს თევზი ერთადერთი სულიერი არსებაა, რომელიც დედისაგან დარჩათ,  ამ ოქროს თევზმა თითქოს დედის სურვილი უნდა აასრულოს და ერთმანეთთან მისასვლელი გზები აპოვნინოს ძმებს. გასაოცარი და სასაცილო მოგვეჩვენა, როცა გავიგეთ, რომ დედამ ამ თევზს დაარქვა ბეთხოვენი. ლეპაჟის ამავე სახელწოდების ფილმში კამერა მსხვილი ხედით აფიქსირებს აკვარიუმში ჩაყრილ სხვადასხვა ფერის ქვებს, რომელიც კოსმოსურ ნამსხვერებს მიაგავს და ცხოვრების მრავალფეროვნების განცდის შესაგრძნობად მიგანიშნებთ. ოქროს თევზი რუსული ზღაპრის მიხედვით სამ სურვილს ასრულებს. მთელი ცხოვრების მანძილზე, ფილიპს არც ერთი სურვილი არ ასრულებია და როცა თევზი უამინდობით გამოწვეული სიცივის გამო გაიყინება და ანდრე აამშვიდებს ძმას, რომელიც ტელეფონის მეორე მხარეს მკვდარი დუმილით განიცდის დედის მიერ დატოვებული ერთადერთი სულიერის დაკარგვას, უცებ ცხოვრება სიურპრიზს უმზადებს და სასოწარკვეთის წუთებში იგებს, რომ მან კონკურსში გაიმარჯვა და კოსმოსში აგზავნიან. ოქროს თევზის სიკვდილით, ანუ დედასთან დამაკავშირებელი ბოლო ძაფის გაწყვეტით, ფილიპს უსრულდება  ცხოვრების ერთდერთი ნატვრა - შეიგრძნოს უწონადობა და გაფრინდეს კოსმოსში.
ლეპაჟი მაყურებელს უჩვენებს ბოლო, ფინალურ სცენას და ხვდები, რომ მთელი სპექტაკლი ემზადებოდა ამ ეპიზოდის შესასრულებლად. მოსკოვში ფილიპი კოსმოსური კვლევების სამეცნიერო კონფერენციას ვერ დაესწრო, კანადისა და რუსეთის დროები აერია, რადგან საათის გადაწევა დაავიწყდა. აეროპორტში მორიგი ფიასკოთი დათრგუნული ფილიპი სატელეფონო საუბრისას ძმა ურიგდება. ისინი თმობენ მარადიულ კინკლაობას და უკვე ერთად ვახშმობისათვის ემზადებიან. ძმასთან შერიგება, ანუ თავის მეორე მესთან შერიგება, ფილიპს გამოსდის. ძმა, შერიგება, ვახშამი, კოსმოსში გაფრენის შანსი, ანუ ოცნების ასრულება - აი, რა ყოფილა ადამიანის უწონადობის მიზეზი. ამას გვეუბნება რობერ ლეპაჟი და მთელი დეკორაციის სიგრძე-სიგანეზე სარკეები გაიშლება. ივ ჟაკი სცენაზე წევს და იწყებს მოძრაობას, მაგრამ სარკეების ნატეხები ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მაყურებელის თვალწინ ნამდვილი უწონადობა თამაშდება. მაყურებელი არ უყურებს სცენაზე მოძრავ  მსახიობს, ის უყურებს სარკეებს, რომელიც იმგვარად ჩეხავს პერონაჟის სხეულს, რომ სრული უწონადობის ილუზია იქმნება. უნდა გავიხსენოთ, რომ ლეპაჟის ამავე სახელწოდების ფილმში, სადაც ამ ილუზიის შექმნა ტექნიკურად უფრო მარტივია, ფილიპი უახლოვდება საბჭოთა მოსკოვის დროინდელ დიდ აფიშას, სადაც რუსი კოსმონავტები არიან გამოსახულნი. ამ უზარმაზარი ფოტოს წინ, ფილიპი საკამზე ჩამოჯდება და უცებ სათვალე აიწევს, მერე ფეხი „ავარდება“ ზევით“, სათვალე ნელ-ნელა მაღლა მიფრინავს და მთავარი გმირიც თან მიჰყვება. გამოჩნდება, საბჭოთა რუსეთის დროინდელი ლოზუნგი:”ВСЕ ВЫЩЕ И ВЫЩЕ”. უფრო მაღლა და მაღლა, ადამიანებო! მიზანდასახულ ოცნებას, ოქროს თევზი ყოველთვის აგისრულებთ და თქვენ იგრძნობთ ნანატრ უწონადობას, რომელიც ალბათ მხოლოდ სულის სხეულიდან გასვლის დროს ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ, ცოცხლები ამას გარდაცვალებამდე ვერ შევიგრძნობთ. სპექტაკლშიც და ფილმშიც ეს სცენა მიმდინარეობს ბეთოვენის „მთვარის სონატის“ ფონზე და მერეღა ხვდები რატომ ჰქვია დედის ოქროს თევზს „ბეთხოვენი“.
ლეპაჟის სპექტაკლი კოსმოსურ ხომალდს მიაგავს, რომელიც ისე ზუსტად, უშეცდომოდ და სკურპულოზულად არის აწყობილი, რომ მისი გაფრენა გარდაუვალია.  ფინალური სცენა სწორედ რეჟისორის ჩანაფიქრის გალაქტიკაში გაფრენას გავს, სადაც უწონად მსგომარეობას მაყურებელიც ეზიარება.
ამ იმედიან და ფანტასმაგორიული ფრენის ფონზე მთავრდება კომპანია EX MACHINA-ს სპექტაკლი, რომელიც უკვე რამდენი წელია მოგზაურობს მსოფლიოში. ლეპაჟის თეატრის ეს დასახელება ითარგმნება, როგორც „მანქანიდან გადმოსული“. სათაური აღებულია DEUS EX MACHINA-დან, რომელიც ნიშნავს „მანქანიდან გადმოსული ღმერთი“. ფილიპის სცენურ ცხოვრებას მანაქანები განაგებენ. ამ სპექტაკლში ტექნიკა უჩინარი პერონაჟია, რომელიც ილუზონისტურ ქმედებებს აკეთებს. ფილიპი  კაცობრიობის განზოგადოებული სახეა, რომელიც შესანიშნვად განმარტა ციოლკოვსკიმ: „დედამიწა კაცობრიობის აკვანია, და არც ერთ ადამიანს არ უნდა მთელი ცხოვრების აკვანში გატარება“. ამიტომ გამოიგონა ადამიანმა ტექნიკა, რომ რაღაცა მანქანებით მოწყვეტოდა დედა-მიწას და შეეცნო საკუნეების განმავლობაში მრვალ მეცნიერთა საოცნებო გალაქტიკა. გალაქტიკა, რომელიც გაიგივებულია ჭეშმარიტ ხელოვანთან, რომელიც ეძებს თავგადასავლებს და საკუთრი თავის შეცნობის შემდეგ სარკედ ექცევა იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, რომ  თავისუფლება ჭეშამრიტად  ღირებული მცნებაა.