http://sptnkne.ws/bADshttp://sputnik-georgia.com/culture/20160702/232412348.html
суббота, 2 июля 2016 г.
вторник, 10 мая 2016 г.
მანანა ტურიაშვილი
ქართულ-გერმანული „მრისხანება“
რას
ფიქრობს „მრისხანების“ შემოქმედებითი ჯგუფი და ერთი მაყურებელი. „ყველა
ადამიანმა უნდა იფიქროს ის, რაც მას სურს
და რისი დანახვის უნარიც აქვს.“ - გვითხრა მწერალმა, დრამატურგმა და რეჟისორმა
ნინო ხარატიშვილმა.
ამ დღეებში თუმანიშვილის თეატრში, ქართველი
მაყურებელი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს, გერმანიაში აღიარებული რეჟისორისა და
მწერლის, ნინო ხარატიშვილის სპექტაკლს „მრისხანებას“, რომლის ქართული პრემიერა
გაიმართა 6, 7, 8 მაისს. ამ წარმოდგენის გერმანული პრემიერა შედგა ქალაქ
ფრაიბურგში, გასული წლის ოთხ დეკემბერს. სპექტაკლში მონაწილეობს ოთხი გერმანელი და
ოთხი ქართველი მსახიობი.
სპირალისებრ დაგრაგნილ მილზე (სცენოგრაფია იულია
ბიურლე-ნოვიკოვა), რომელზეც სხვადასხვა ტანსაცმელიც ეკიდა, ხშირად გმირების
სცენური ცხოვრებაც მიმდინარეობდა, მართალია მსახიობებს ზოგჯერ უჭირდათ მასზე მოძრაობა,
მაგრამ მაყურებლის გაოცების სურვილი და თვალისთვის „უცხო სანახაობის“ ჩვენების
მცდელობის გზა ასეთია, ის „მსხვერპლს“ ითხოვს.
წარმოდგენა ქართულ და გერმანულ ენაზე
მიმდინარეობდა. მსგავსი სპექტაკლი ვიხილეთ 2014 წლის შემოდგომაზე, თბილისის
საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც რეჟისორმა ლევან წულაძემ
ქართულ-იტალიური პროექტის ფარგლებში, ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები“ ორ
ენაზე წარმოადგინა.
„მრისხანებაში“ ქართველი მსახიობების ტექსტები მესმოდა,
მაგრამ გერმანული ტექსტის გასაგებად მუქ ეკრანზე ასახული ტიტრები უნდა წამეკითხა,
რაც სცენური მოქმედების აღქმაში ხელს მიშლიდა. ასე მივჩერებოდი უცხო ტექსტს და გუმანით
ვგრძნობდი, რომ ფიცარნაგზე ცოლ-ქმრის კონფლიქტი იყო გაჩაღებული. ხოლო ქმრისა და
მისი საყვარლის სასიყვარულო სცენები, ძირითად სპირალზე მიმდინარეობდა, რომელიც
თვალს გტაცებდათ სხვადასხვა სექსუალური პოზების ჩვენებით, მაგრამ ფილმებში
მრავალჯერ ნანახი სცენებიც უღიმღამოდ მიმდინარეობდა. რეჟისორმა ნატურლიზმის
თავიდან ასაცილებლად მილზე ვერტიკალურად ჩამოკიდა ხელბშებოჭილი მამაკაცი, რომელსაც
მილზე გადამჯდარი სატრფო, მშვენიერი, შიშველი ფეხების აფიშირებით, ხოხვა-ხოხვით
უახლოვდებოდა და მათი ტექსტიც, რომელიც უფრო პროზაულ ნაწყვეტს ჰგავდა, ვიდრე
დრამატურგიულ ეპიზოდს, სწორედ ამ სცენების ფონზე მიმდინარეობდა. თუმც ნატურალისტურ
სცენას ვერ ავცდით, როცა „უცნობმა გოგონამ“ - ტონიმ მაჯები და ფეხები დანით დაისერა
და ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით, მაყურებელში ძრწოლის დაბადებას შეეცადა.
ახალგაზრდა ქალისა და ცოლიანი მამაკაცის სადო-მაზოხისტური ურთიერთობა, სპექტაკლის
ერთ-ერთი მთავარი ხაზია.
წარმოდგენაში წარსული და აწყმო გადახლართულია ერთმანეთში, მისი ლიტარატურული
საფუძველი ხან აბსურდის ნაწარმოები გგონია, ხან ეგზისტენციალური თეორიის ზეგავლენის ანარეკლი და ხან პროზაული
მონოლოგების კასკადი, რომელსაც სცენური მოქნილობა და პლასტიკა აკლდა.
გერმანულენოვანი გმირები ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ, ჩვენ ვკითხულობდით და
ვკითხულობდით. ამ დროს იმასაც ვფიქრობდი, პიესად წოდებული ეს ნაწარმოები, რომ წამეკითხა,
ალბათ უკეთესი იქნებოდა.
რეჟისორი აშკარად შეუპოვარი ახალგაზრდა ქალბატონია,
რომელიც ერთობ რთულ - ადამიანების ურთიერთობის კრიზისის თემას შეჭიდებია. ის
ცდილობს ცხოვრების რეალური ამბებისაგან მხატვრული ეპიზოდები შექმნას, სხვადასხვა
ადამიანთა ისტორიების ერთ საერთო ღერძზე აგებას, მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობაა,
ვინაიდან ეს „წყეული“ ლოგიკური წყობა გამუდმებით გახსენებთ თავს და სპექტაკლის
მსვლელობისას ჩაგჩურჩულებს, რომ რაღაც ისე არ არის. თითქმის ყველა ეპიზოდი, ყველა
გმირი ტელევიზიით ნაჩვენები და ფართო მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ პოპულარულ ფილმებს
გაგონებთ. ყველა პრობლემა, თემა ან ისტორია: ერთ ფერში გამოხატული მარტოობა თუ გაუცხოება,
ბავშვის გაუჩინარება თუ მისი მშობლების განცდები, ქალიშვილის თავისუფალი ქცევა თუ
ცოლის მრისხანება, გამდიდრებულის სასოწარკვეთა, ვიღაცის მსხვერპლად ქცევა თუ ღატაკის
ბედნიერება და. ა. შ. ჩვენ ბევრ ფილმებში გვინახავს. შეიძლება რეჟისორმა ამ ხერხით
მაყურებლის მიზიდვა სცადა.
სპექტაკლში მართას როლის შემსრულებელ, ნინო
ბურდულის თამაშში თუ შეიცნობდით გმირის წარსულს, ტანჯვას, ცვლილებებსაც და
სასოწარკვეთას. ამ ქართველი მსახიობის (რომელმაც იმავე დროს ნინო ხარატიშვილის
პიესები გერმანულიდან თარგმნა) ნამუშევარი იმდენად აშკარაა და მკვეთრი, რომ ამ
დროს თავისუფლად შეძლებდით სცენაზე შექმნილი ქაოსისაგან დასვენებას.
გერმანელი მსახიობების შესრულებაში აშკარად
შეამჩნევდით მეტყველების კულტურას, მაგრამ კონკრეტულად რას თამაშობდნენ და რის
თქმა უნდოდათ, ეს გაუგებარი იყო. თუმცა კარგად გვახსოვს გასული წლის შემოდგომაზე
რეჟისორ თომას ოსტერმაიერის „ხალხის მტერი“ (ჰ. იბსენის პიესა), რომელიც ხელოვნების
უმაღლესი მწვერვალი იყო. იქ ყველამ ზუსტად იცოდა რისთვის გამოდიოდა სცენაზე და ჩვენთვის
რა უნდა ეთქვა - რომ ქვეყანას ვერ გამოადგები მარტო პირად ინტერესებზე აგებული
ურთიერთობითა და გარიგებით და თუ ამ პრობლემას ვინმე შეეწინააღმდეგება - ექიმი
სტოკმანის მსგავსად, მას შერისხვა და ბოლოს განდევნა დაემუქრება...
შეიძლება ვინმემ თქვას - ის თომას ოსტერმაიერია და
ნინო ხარატიშვილი, მასთან შედარებით, ასაკით პატარაა! მაგრამ ხომ არსებობს სცენური
კანონები, რომლებიც დიდმა და პატარამ უნდა იცოდეს. თუ სცენური კანონები იცი და ისე
აგებ პიესას და მერე სპექტაკლს, მაშინ ისიც გეცოდინება - რის თქმა გინდა ამ პიესით
თუ ამ სპექტაკლით. და თუ პიესაში ან სპექტაკლში ეს მთავარი პრინციპი არ ჩანს, მაშინ
რისთვის ირჩევ ამაღლებულ ადგილს ანუ ფიცარნაგს?
ფინალისკენ მიმავალ სპექტაკლში, როცა ტრაგიკულად
განვითრებული მოვლენები დასასრულს უახლოვდება, ამ დამთრგუნველ ქაოსში ვერ
გავერკვიეთ და როცა პიესა მოვიშველიეთ, ძლივს გავიგეთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში
გამოსავალი არ არის და ყველაფერი უნდა აფეთქდეს! თუმანიშვილის თეატრის ჭერიდან ამ
დიდი სპირალის „გავლით“, დრო და დრო ძირს ეშვებოდა სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი,
რომლიც ალბათ მაყურებლის სამოსსაც გულისხმობდა, რითიც რეჟისორმა ამაყად გვამცნო ჩვენი
გაშიშვლება და ისიც რომ სახიდან ნიღაბი აგვაფხრიწა, არაცნობიერი ამოგვიტივტივა და კრიზისიდან
გაგვათავისუფლა.
რაც შეეხება კრიზისს... გერმანულ პრესა
„მრისხანებაზე“ წერს: „ყველა რვა პერსონაჟი განრისხებულია, საკუთარი ნებით არჩეულ
ცხოვრებაზე.“ და რომ ეს გმირები სარტრისეული „თავისუფლებით არიან დაწყევლილები“. უნდა
შევახსენოთ სამშობლოდან წასულ მწერალ ნინო ხარატიშვილს, რომ საქართველოში, „საკუთარი
ნებით“ცხოვრებას არ ირჩევენ და ჩვენ ქართულ დრამას სხვა საწყისი აქვს, სწორედ
ამიტომ თბილისში წარმოდგენილ ქართულ-გერმანულ პროექტს - „მრისხანებას“ ერთჯერადი
ჩვენების სახე ჰქონდა, რომელიც სულში და გონებაში ქაოსს გიტოვებს, გრთგუნავს და
ადამიანის ერთადერთ ნუგეშს - იმედს გართმევს. საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა
არსებობისთვის, ბრძოლა ლუკმა-პურისთვის და ე. წ. „ურთიერთობის კრიზისი“ განსხვავებულ
საფუძვლებზე დგას, რომელიც უახლოვდება ჩვენთვის და ევროპისთვის საერთო - „ხალხის
მტრის“ ოსტერმაიერისეულ
ამოხსნა-გაანალიზებას.
ახალგზარდა მწერალს შევხსენებ - სულიერი უფსკრულის
პირას, რომ იდგეს ადამიანი თავისი არსით, ღირებულებებით, მაყურებელს იმედი მაინც არ
უნდა წაართვა. ისევ ბავშვობის ტრამვებზე, სექსზე, ტერორისტებზე, დაკარგულ თუ
თვითმკვლელ ბავშვზე და ა. შ. თემებით გადავსებულია შოუ-ბიზნესის ფილმები, რომლებსაც
თავისი ადგილი აქვს, მაგრამ როდესაც ხალხი ჯდება ამაღლებული ფიცარნაგის წინ და თავისი
ცხოვრების 2 საათს გიძღვნით თქვენ და თქვენ ნამუშევარს: ან მწერლობა აირჩიეთ, ან
დრამატურგობა და ან რეჟისურა.
რეჟისორი და დრამატურგი, ნინო ხარატიშვილი: დრამის რეჟისურა ჰამბურგში დავამთავრე. ჩემი აზრით,
თეატრი ინტერპრეტაციის ხელოვნებაა და ყველა ადამიანი, თავისი გამოცდილების და
ფსიქო-ტიპის მიხედვით, თავის აზრს გამოიტანს. ანუ ეს არის ისტორია რვა ადამიანისა,
რომლებიც კრიზისულ მომენტში, დრამატული და ტრაგიკული გზით - ცუდისკენ ან კარგისკენ,
გადაწყვეტილებას იღებს. მაინტერესებს ადამიანები ექსტრემალურ სიტუაციაში.
ქალბატონო ნინო, ეს შეყვირებები, ემოციური
აფეთქებები, რომლებიც ალბათ ჩვენზე უნდა მოქმედებდეს და ამ დროს თითქოს უნდა
ამოიძირკვოს მაყურებელში ჩაბუდებული კრიზისი... მაგრამ ეს არ მოხდა. ისე, თქვენ
ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო კრიზისშია?
ბევრი
რამ არის კრიზისში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთელი სამყარო კრიზისშია - ეს ძალიან
პათეტიკური და ხმამაღლა ნათქვამი იქნებოდა. დღეს ადამიანურ ურთიერთობებში რთულადაა
საქმე და ყვირილი რომ შველოდეს საქმეს, კარგი იქნებოდა.
როგორც რეჟისორს და დრამატურგს თქვენი გმირები, ამ გზაზე მიგყავთ...
კი,
მაგრამ ეს არ უშველის.
რისთვის დადგით ეს სპექტაკლი? ვუყურებ, ვთქვათ ამ
კრიზისს და მე, როგორც მაყურებელს რა უნდა დამეუფლოს? თქვენი მოსაზრება
მაინტერესებს.
როგორ
შეიძლება დიქტატორივით დაუკანონო ვინ, რა უნდა იგრძნოს და იფიქროს, ეს მიუღებელია
ჩემთვის. ყველა ადამიანმა ის უნდა იფიქროს და იგრძნოს, რაც მას სურს და რისი
დანახვის უნარიც აქვს.
თქვენ სპექტაკლს მაყურებლისთვის დგამთ თუ ჩაკეტილი
ლაბორატორიული სისტემაა?
რა
თქმა უნდა მაყურებლისთვის ვაკეთებ, მაგრამ რომ გავიდეთ და სამ ადამიანს ვკითხოთ,
რა ნახა, ყველა სხვადასხვა აზრს იტყვის. ეს კარგია! ხანდახან პიესას, რომ ვდგამ,
ჩემ ჩანაფიქრში, მსახიობი სულ სხვა რაღაცას ხედავს და ზუსტად ეს არის რეჟისურაში
საინტერესო.
რამდენი სპექტაკლი გაქვთ დადგმული?
2007
წლიდან ვდგამ. სამეფო უბნის თეატრში „ლივ შტაინი“ განვახორციელე, ჩემი პიესები
სხვა ქვეყნებშიც იდგმება, მაგრამ მე, როგორც რეჟისორი ვმუშაობ გერმანულენოვან
თეატრებში... ბერლინი, ფრაიბურგი, ვენა...
ნინო ბურდული:
მე შეიძლება თამაშის დროს ემოცია არ გამიჩნდეს, მაგრამ უნდა ვეცადო, რომ მაყურებელს
გავუჩინო ემოცია და გადმოვცე ის აზრი, რაც უნდა რეჟისორს და რაშიც მე ვეთანხმები.
საერთოდ ასეა - ან უნდა დაეთანხმო რეჟისორს ან უნდა წახვიდე!
დღეს
ითვლება, რომ სათქმელს მნიშვნელობა არ აქვს. მიხეილ თუმანიშვილის შემდეგ, შენ თუ
სადმე, რომელიმე სპექტაკლში სათქმელს ნახავ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა...
სათქმელი - ეს იყო იმ თეატრში, რომელშიც მე ვარსებობდი, ვგულისხმობ მიხეილ თუმანიშვილის თეატრს. როცა რაღაცას
დგამ, როცა რაღაცას თამაშობ, რაღაცას ხატავ ან მუსიკას წერ და უკრავ - უნდა
გაწუხებდეს ან გტკიოდეს, ან გიხაროდეს, ან გაზიარება გინდოდეს. აი, ასეთია ის
თეატრი, რომელსაც ნინოს წყალობით რამდენჯერმე შევეხე, რომელიც მიყვარს,
რომლისთვისაც მალობელი ვარ, იმიტომ რომ ვგიჟდები მის სპექტაკლებზე, მის პიესებზე...
ამასთან, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის საშუალება მომცა, რაც არაჩვეულებრვია!
მე მაინც ვერ გავიგე სათქმელი...
ვერ
გაიგე?.. რომ ყველაფერს ფასი ადევს? რაღაცას რომ მიზანდასახულად აკეთებ და როცა
გადახდის მომენტი მოდის, მერე ტყდები ან არ ტყდები. ნინო ლაპარაკობს, მაგალითად იმ
პერსონაჟებზე, რომლებიც გატყდნენ და ტყდებიან, ეს კიდევ არ ნიშნავს ხელჩაქნეული
ცხოვრებას. მაგრამ ხომ არის შემთხვევები, როცა არ ტყდებიან და უფრო დიდ საფასურს
იხდიან, მაგრამ ასეთი სიცოცხლე ან გინდა, ან არა!
ჩვენ დავინახეთ ევროპის გარკვეული ნაწილის კრიზისული
მდგომარეობა. კრიზისი ადამიანების ურთიერთობაში ჩვენთანაც არის. რას ნიშნავს, როცა
ამას ქართველი ხედავს, ვგულისხმობ დარამატურგსა და რეჟისორს - ნინო ხარატიშვილს.
გერმანელი მსახიობი ირის მელამედი: მე არ მგონია, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად ვხედავთ
კრიზისს, იმიტომ რომ კრიზისი გამოიხატება ადამიანების ურთიერთობებში, ამიტომ ეს
ინტერნაციონალურია. ამ კრიზისის გადმოცემისას, ქართველმა და გერმანელმა მსახიობებმა
ერთმანეთს კარგად გავუგეთ და საინტერესო შერწყმა, ემოციების თანხვედრა მოხდა. ნინო
ხარატიშვილი ქართველიც არის და გერმანელიც, ამიტომ ორ ერს აერთიანებს.
მსახიობი პაატა ინაური: პირველ რიგში გამოცდილება მივიღე: სულ ყურადღებით
უნდა ვიყო, რომ რეპლიკა არ გამომრჩეს. სულ პროცესში ხარ, ერთი წამით არ დუნდები -
ისე, ყველა სპექტაკლში ასე უნდა იყო,მაგრამ აქ განსაკუთრებით. ნინოსთან პირველად
ვიმუშავე და ძალიან საინტერესო ადამიანია, როგორც მწერალი და როგორც რეჟისორი. ორ
ენაზე თამაში საინტერესოა და რთულიც. ხანდახან მგონია, რომ პარტნიორს ჩემი არ
ესმის და სიტყვებს ჰაერში ვისვრი, მაგრამ ალბათ რაღაცა გამოდის, არ ვიცი, ეს თქვენ
უნდა შეაფასოთ.
пятница, 22 апреля 2016 г.
მანანა ტურიაშვილი
როგორ ხედავს შექსპირის სამყაროს ქალი?
400 წლის წინ შექსპირი გარდაიცვალა, მაგრამ მან მსოფლიოს უსასრულო და
უძლეველი სიყვარული დაუტოვა.
![]() |
| სცენა სპექტაკლიდან „შექსპირი.ს |
უილიამ შექსპირი (1564 წლის 23 აპრილი - 1616 წლის 23 აპრილი) 2016 წელს მისი
გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება. შექსპირის საიუბილეო წელს მსოფლიო
ინტელექტუალური და სახელოვნებო სამყარო სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
რუსთაველის თეატრმა და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის
განვითარების ფონდმა, 20 და 22 აპრილს პრემიერა წარმოადგინა.
რობერტ სტურუა და შექსპირის სამყარო განუყრელი მეგობრები არიან. მისი
დადგმები მსოფლიოშია ცნობილი, აღიარებული და პატივდებული. „შექსპირი. სიყვარული“,
რუსთაველის თეატრის ამ წარმოდგენის ლიბრეტოს თანაავტორი არის ბატონი რობერტ სტურუა,
რეჟისორი და პრინციპში შექსპიროლოგი.
წარმოდგენა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული
ფანტაზიაა, სადაც რუსთაველის თეატრის მსახიობები და ბალეტის მოცეკვავე - ნათია
ბუნტური შექსპირის სიყვარულზე უსიტყვოდ გვიამბობენ. შექსპირის ენის, მისი ფრაზის
მუსიკალურობის სრულყოფილი შეგრძნებისთვის, წარმოდგენაში გამოყენებულია ჯონ
გილგუდისა და ალან რიკმანის შექსპირის სონეტების აუდიო-ჩანაწერები. ფიცარნაგზე
მოთავსებული ზარდახშიდან შექსპირის გმირები ამოდიან, უნიჭიერესი მსახიობის - ლელა
ალიბეგაშვილის შექსპირს, თან სდევს ნათია ბუნტურის პლასტიკური და მეტყველი
ბედისწერა.
ფილოლოგიის დოქტორი, რუსთაველის თეატრის
თანამშრომელი, დავით მაზიაშვილი: ეს არის ასოციაციური, ალუზიური აღქმა. აქ შექსპირის სამყაროა,
საიდანაც ამოიზრდება სხვადასხვა თემები, მოტივები... პირველ რიგში მოიცავს
შექსპირის სონეტებს, შემდეგ ტრაგედიებს და კომედიებს, მაგრამ აქ არის
აბსტრაქცია...
კონკრეტულად, რომელი ნაწარმოები გაქვთ
გამოყენებული?
ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე: ამის ცოდნა საჭირო არ არის! თქვენ რაზეც გაგიჩნდათ
ასოციაცია, ის ნაწარმოებია. ჩვენ ხომ არ დავაკონკრეტეთ! ლიბრეტოზე ზაფხულიდან
მოყოლებული ვმუშაობთ, მე და ბატონ რობერტ სტურუამ გავაკეთეთ.
მოქმედი გმირების ურთიერთობები თქვენ
ააგეთ?
დიახ! მე ვარ დამდგმელი. ქორეოგრაფი ისედაც რეჟისორია!
მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია: ეს ხომ არ არის იმ ფორმის სპექტაკლი, რასაც
დრამატული წარმოდგენა ჰქვია, იმიტომ რომ იქ ცოტა მეტი ემოცია გაჭირდება, ფრაზაზე
მუშაობ და ა. შ. აქ გმირის სხეულში ხარ. შეიძლება შექსპირი წაკითხული არ გქონდეს
და არ იცოდე რა ხდება სცენაზე, მაგრამ მე მგონია, რომ პატარა მინიშნებები მაინც
არის და ეს გასაგები უნდა იყოს.
უსიტყვოდ მოყვე ამბავი - ალბათ თქვენთვის
ეს კიდევ ერთი გამოცდილებაა...
მე მარიამ ალექსიძის „ჰარირაშიც“ ვთამაშობდი. მაინტერესებს ასეთი
სამუშაო და გულიც ამიტომ მიმიწევს მოძრაობისკენ. პირველ კურსზეც ვფიქრობდი -
პანტომიმაზე ხომ არ გადავიდე!
შექსპირზე ხომ კამათობენ - ქალი იყო თუ კაცი? ჩვენ სპექტაკლში
შექსპირი ქალია, რომელსაც მაგარი მსახიობი და მაგარი ადამიანი - ლელა ალიბეგაშვილი
თამაშობს.
მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი: 2000 წელს მსგავსი პერსონაჟი, რობერტ სტურუას
„კარმენში“ ვითამაშე. ჯანო კახიძე დირიჟორობდა. „კარმენში“ მქონდა ბედისწერის როლი
- შემოქმედებითი სული ქმნის და მერე გიჟდება. ახლა, რომ გითხრათ „ვაჰ, რა
გავაკეთე“ - ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მარიამის ქორეოგრაფია ისე მომწონს, რომ
მშვენივრად გავერთე და ახალგაზრდებთან სიამოვნებით ვიმუშავე. ეს არ იყო წამება ან
გაუთავებელი რეპეტიციები.
მე საბალეტო სკოლა დავამთავრე და თანამედროვე ბალეტი, ჩემთვის მსუბუქი
ჟანრია. პარტნიორი ახალგაზრდა ბალერინა მყავს - ნათია ბუნტური. სასიხარულო
ინფორმაცია - მარიამს თეატრი დაუმტკიცეს დ მას 8 კაციანი მუდმივი დასი ეყოლება,
თბილისის მერიამ დააფინანსა.
ბალეტის მოცეკვავე, გიორგი ალექსიძის
სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სოლისტი, ნათია ბუნტური: მარიამი გვაძლევს თავისუფლებას, რომ ჩვენც და მაყურებელმაც
წარმოსახვის ტერიტორია დავიტოვოთ, ამიტომ თამამად ვიტყვი: შექსპირი უკიდეგანო
სივრცეა და მთელი სამყარო.
ნათია, დრამატული თეატრის მსახიობებთან
როგორ მუშაობდი?
უნდა გითხრა, რომ კარგი გაგებით კომპლექსი მაქვს, იმიტომ რომ მათ
იციან ის, რაც მე ბოლომდე არ ვიცი, არ მისწავლია და ალბათ არც უნდა ვიცოდე -
სწორედ ეს არის საინტერესო. მე პლასტიკით გამოვხატავ, არა? მაგრამ ამ დროს
ვაკვირდები მათ, თუ როგორ ამუშავებენ ამა თუ იმ მოძრაობას, გრძნობას თუ პერსონაჟს.
დრამატული თეატრის მსახიობები განსხავებულად გამოხატავენ, ამიტომ მე უფრო მეტს
ვსწავლობ. ყოველდღიური რეპეტიციები, თუნდაც ნახევრ საათიანი, მოდის უშრეტი
წყალივით, ისევე როგორც შექსპირის შემოქმედება და ამას ემატება ისიც, რომ მარიამის
ქორეოგრაფიაა უშრეტი ფანტაზიის მქონე.
მარიამ ალექსიძის ბაბუა აღიარებული რეჟისორი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე
იყო, მამა ქორეოგრაფი - გოგი ალექსიძე. ქალბატონმა მარიამ ალექსიძემ მოცეკვავის
კარიერას, ქორეოგრაფია ამჯობინა და უკვე 2011 წელს მარინა, ნინო, დიმიტრი, ირინე,
ანა ალექსიძეებთან ერთად „გიორგი ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების
ფონდი“ დააფუძნა. ამ ფონდის ეგიდით დაიდგა სპექტაკლები: „აჯარპანი“, „ალვა“,
„ჰარირა“, „გურჯი-ხათუნი“. „შექსპირი. სიყვარული“ - ჩვენი ინფორმაციით, ამ ფონდის
მე-5 წარმოდგენაა. მან ჩაუყარა საფუძველი პროექტს: „ფანტაზია ქართული ფოლკლორის
თემაზე“. ქართული ბალეტის განვითარების ეს ტრადიცია დაუფუძნებია ვახტანგ
ჭაბუკიანს, შემდეგ გიორგი ალექსიძეს გაუგრძელებია და დღეს, მათ მემკვიდრე მარიამ
ალექსიძეა.
вторник, 19 апреля 2016 г.
მწყემსობიდან სათეატრო ჟურნალის რედაქტორობამდე
იოსებ
იმედაშვილი დაიბადა 1876 წლის 20 აპრილს
XIX
საუკუნის მეორე ნახევრისა და
XX საუკუნის დასაწყისის ქართული სათეატრო ჟურნალისტიკა გამოირჩევა
არნახული გულწრფელობით, ობიქტურობით და პირდაპირობით. „ივერია“, „დროება“, „ცნობის
ფურცელი“... ილია, აკაკი, სერგეი მესხი და სხვანი, ბევრს წერდნენ თეატრზე,
სპექტაკლებზე, მსახიობებზე. თეატრისთვის უამრავი რამ უკეთებია იოსებ იმედაშვილს,
ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორ-გამომცემელს, რომელსაც დღეს 140 წელი
უსრულდება.
უდიდესი პროზაიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი წერდა:
„იმედაშვილს რომ დავინახავ ან გავიხსენებ ხოლმე, ძალაუნებურად მაგონდება ქვაშვეთის
ქუჩა, ბუკინისტების რიგი და იმ რიგში ერთი პაწაწინა ქოხი. იმ ქოხში ზაფხულში უფრო
ცხელა, ხოლო ზამთარში უფრო ცივა, ვიდრე გარეთ. წიგნებში ჩამძვრალი იოსებ
იმედაშვილი რიჟრაჟიდან დაღამებამდე თავჩაღუნული ზის დახლის უკან და გამალებით
მუშაობს. ვითომ წიგნებითაც ვაჭრობს, მაგრამ... მუშტრების მაგივრად უფრო
ნაცნობ-მეგობრები ეხვევიან და ხელს უშლიან, ხოლო მუშტრისთვის სოსოს არ სცალიან,
ამიტომ არც მუშტარს სცალია ახირებული „ვაჭრისთვის“. მუშტარი რომ შემოვა, უცნაური
„ვაჭარი“ და მწიგნობარი თავს ძლივს ასწევს, პასუხსაც ძლივს აკადრებს, ზოგჯერ კი
არც ამისთვის სცალიან... კვლავ ჩრჩილივით ჩაუჯდება ქაღალდებს.“ შეღამებისას იოსებ
იმედაშვილი თავის დუქანს დაკეტავდა და სახალხო სახლში ან მურაშკოს თეატრში
მირბოდა, როლის სათამაშოდ.
იოსებ
იმედაშვილი ბავშვობაში მწყემსი იყო. ჭაბუკობაში ზეინკალი, მერე სცენისმოყვარეთა
წრის ხელმძღვანელი, ხელნაწერი ჟურნალის რედაქტორი, საუბნო წარმოდგენების მონაწილე,
ბუკინისტი, სცენისმოყვარეთა პირველი ოფიციალური სპექტაკლის რეჟისორი, მეფის
რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული პოემების ავტორი, ლექსიკოლოგი, სოფელ ხაშმის
არჩევითი მამასახლისი (1905 წელი); მეტეხის ციხის ხშირი პატიმარი, ქართული თეატრის
მსახიობი, დრამატული საზოგადოების მდივანი, ჟურნალ „თეატრისა და ცხოვრების“
რედაქტორ-გამომცემელი, უებრო ორატორი....
ხანში
შესულს, ერთხელ სვანეთში მიეჩქარებოდა ლექციების წასაკითხად. თეთრი წვერით, ქართული
თექის ქუდით და ხელჯოხით რუსთაველზე მდებარე აეროფლოტის სალაროს გაღებას
ელოდებოდა. თვითმხილველი შეწუხებულა - ამ ასაკში თავს უნდა გაუფრთხილდეო. იოსებ
იმედაშვილს უპასუხია: „იმდენი რამე მაქვს გასაკეთებელი, იმდენი, რომ ერთი საუკუნე
არ მომჭარბდება. სამკალი ბევრია, მომკელი კი ნაკლები. უნდა გავაცნო ჩვენს ხალხს
ბრძოლებით სავსე მისი წარსული, გმირული აწყმო.“
იოსებ იმედაშვილის პორტრეტის შტრიხები
მეფის
მთავრობა ხელს უწყობდა ეროვნული შუღლის გაღვივებას. ამ ანკესს წამოეგო თათართა და
სომეხთა ზოგიერთი ფენა და დაიწყო ძმათა შორის სისხლის ღვრა. გარეკახეთიდან
იორ-მუნღალოს თათრობა დაიძრა და თბილისში
აპირებდა ლაშქრობას სომხების გასაჟლეტად. იოსებ იმედაშვილი თავისი რაზმით წინ
აღუდგა მათ და თბილისისკენ მიმავალი ლაშქარი უკან გააბრუნა.
გურიაში
აჯანყებულთა ასაწიოკებლად დამსჯელი რაზმები გააგზავნეს. მთავრობას პროტესტს
უცხადებდნენ ამის გამო. ერთ დღეს მეფის ნაცვლის სასახლეს ცხენოსანთა რაზმი მიადგა
იოსებ იმედაშვილის მეთაურობით და მეფის ნაცვალს, ხალხის სახელით გურიიდან ჯარის
გაყვანა მოითხოვა. თუ ეს არ გიქნიათო, განაცხადეს გარეკახელებმა, იარაღს ავისხავთ
და მისაშველებლად გურიისკენ დავიძვრებითო. გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა
შეიარაღებული დელეგაციის სურათი, რომელთა შუაში იოსები იდგა.
როგორ გამოსცეს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“
ჟურნალი
„თეატრი და ცხოვრება“ გამოდიოდა 1910, 1914-20, 1923-26 წლებში. ჟურნალი გამოსცა
ადამიანმა, რომელსაც არ გააჩნდა არც პოლიგრაფიული ბაზა, არც ქაღალდი, არც ბინა
რედაქციისთვის, არც თანამშრომლები ჰყავდა და არც საჭირო თანხა ჰქონდა.
ალექსანდრე ბუხნიკაშვილი იხსენებს იოსებ იმედაშვილის ნაამბობს:
„ერთი აზრი ამეკვიატა - განვიზრახე სათეატრო ჟურნალის გამოცემა. ვიცოდი ჩემი
ბუნება: თუ რაიმე აზრი დამებადებოდა, ნემსის ყუნწში გავძვრებოდი და უნდა
შემესრულებინა. გროშ-კაპიკი არ მქონდა. ბედად შევხვდი მიტროფანე ლაღიძეს. ჩემი
ზრახვანი გავუზიარე. დაინტერესდა და ორასი მანეთი მასესხა. აი, ამ თანხით დავიწყე
საქმე და როგორც იცი, 15 წლის მანძილზე ვცემდი ჟურნალს.“
იოსებ
იმედაშვილმა დაარსა „თეატრი და ცხოვრება“ და მისი რედაქტორ-გამომცემელი იყო.
ყოველკვირეულ თეატრალურ-ლიტერატურულ ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: შალვა დადიანი,
კოტე ყიფიანი, კოტე მესხი, იოსებ გრიშაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო
ახმეტელი და სხვანი. ჟურნალში იბეჭდებოდა ახალი პიესები, სტატიები თეატრის
ისტორიისა და თეორიის საკითხებზე, მსახიობთა აღზრდაზე, რეჟისორის ოსტატობაზე,
მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობაზე; რეცენზიები სპექტაკლებზე, ლიტერატურული და
იუმორისტული ხასიათის წერილები, კარიკატურები.
ჟურნალის კარი ყველასთვის ღია იყო
ჟურნალში
აკაკის, გალაქტიონ ტაბიძის და სხვა საამაყო პოეტების გვერდით უცნობი პოეტების
ნაწერებიც ქვეყნდებოდა. დიდ მსახიობთა პორტრეტებთან სცენისმოყვარეთა სურათებიც
იბეჭდებოდა. გამოჩენილ საზოგადო მოღვაწის გვერდით კი, რომელიმე მივარდნილი სოფლის
სამკითხველოს გამგის პორტრეტს იხილავდით. პირველი მსოფილო ომის დროს ქართველი
რიგითი მეომრების სურათებიც უხვად იყო.
1925 წლის ივნისში „თეატრი და ცხოვრების“ საიუბილეო ნომერი გამოვიდა.
მიხეილ ჯავახიშვილი: ჩემი ქართულის მასწავლებელი იოსები იყო
მიხეილ
ჯავახიშვილი წერდა: „...იოსებ იმედაშვილი ჩემი ქართულის ნათლიაა. რუსეთიდან რომ
დავბრუნდი, ვაღიარებ ჩემ სირცხვილს - ქართული ნაკლებად ვიცოდი. ბედმა იმედაშვილის
წიგნის დუქანში შემიყვანა. მოვითხოვე ქართული წიგნები. ერთმანეთს გამოვეცნაურეთ.
იმ დღიდან ხშირი სტუმარი გავხდი მისი დუქან-სამკითხველოსი. სანამ „ცნობის
ფურცელში“ დავიწყებდი მუშაობას, ჩემი ქართულის მასწავლებელი იოსები იყო. პირველად
მან წაიკითხა ჩემი პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ და იმანვე გამაგზავნა „ცნობის
ფურცელში“.
მასალა დაამუშავა მანანა ტურიაშვილმა
ფოტოები ლუარსაბ ტოგოტიძის კოლექციიდან
Подписаться на:
Сообщения (Atom)







