მანანა ტურიაშვილი
ქართულ-გერმანული „მრისხანება“
რას
ფიქრობს „მრისხანების“ შემოქმედებითი ჯგუფი და ერთი მაყურებელი. „ყველა
ადამიანმა უნდა იფიქროს ის, რაც მას სურს
და რისი დანახვის უნარიც აქვს.“ - გვითხრა მწერალმა, დრამატურგმა და რეჟისორმა
ნინო ხარატიშვილმა.
ამ დღეებში თუმანიშვილის თეატრში, ქართველი
მაყურებელი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს, გერმანიაში აღიარებული რეჟისორისა და
მწერლის, ნინო ხარატიშვილის სპექტაკლს „მრისხანებას“, რომლის ქართული პრემიერა
გაიმართა 6, 7, 8 მაისს. ამ წარმოდგენის გერმანული პრემიერა შედგა ქალაქ
ფრაიბურგში, გასული წლის ოთხ დეკემბერს. სპექტაკლში მონაწილეობს ოთხი გერმანელი და
ოთხი ქართველი მსახიობი.
სპირალისებრ დაგრაგნილ მილზე (სცენოგრაფია იულია
ბიურლე-ნოვიკოვა), რომელზეც სხვადასხვა ტანსაცმელიც ეკიდა, ხშირად გმირების
სცენური ცხოვრებაც მიმდინარეობდა, მართალია მსახიობებს ზოგჯერ უჭირდათ მასზე მოძრაობა,
მაგრამ მაყურებლის გაოცების სურვილი და თვალისთვის „უცხო სანახაობის“ ჩვენების
მცდელობის გზა ასეთია, ის „მსხვერპლს“ ითხოვს.
წარმოდგენა ქართულ და გერმანულ ენაზე
მიმდინარეობდა. მსგავსი სპექტაკლი ვიხილეთ 2014 წლის შემოდგომაზე, თბილისის
საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც რეჟისორმა ლევან წულაძემ
ქართულ-იტალიური პროექტის ფარგლებში, ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები“ ორ
ენაზე წარმოადგინა.
„მრისხანებაში“ ქართველი მსახიობების ტექსტები მესმოდა,
მაგრამ გერმანული ტექსტის გასაგებად მუქ ეკრანზე ასახული ტიტრები უნდა წამეკითხა,
რაც სცენური მოქმედების აღქმაში ხელს მიშლიდა. ასე მივჩერებოდი უცხო ტექსტს და გუმანით
ვგრძნობდი, რომ ფიცარნაგზე ცოლ-ქმრის კონფლიქტი იყო გაჩაღებული. ხოლო ქმრისა და
მისი საყვარლის სასიყვარულო სცენები, ძირითად სპირალზე მიმდინარეობდა, რომელიც
თვალს გტაცებდათ სხვადასხვა სექსუალური პოზების ჩვენებით, მაგრამ ფილმებში
მრავალჯერ ნანახი სცენებიც უღიმღამოდ მიმდინარეობდა. რეჟისორმა ნატურლიზმის
თავიდან ასაცილებლად მილზე ვერტიკალურად ჩამოკიდა ხელბშებოჭილი მამაკაცი, რომელსაც
მილზე გადამჯდარი სატრფო, მშვენიერი, შიშველი ფეხების აფიშირებით, ხოხვა-ხოხვით
უახლოვდებოდა და მათი ტექსტიც, რომელიც უფრო პროზაულ ნაწყვეტს ჰგავდა, ვიდრე
დრამატურგიულ ეპიზოდს, სწორედ ამ სცენების ფონზე მიმდინარეობდა. თუმც ნატურალისტურ
სცენას ვერ ავცდით, როცა „უცნობმა გოგონამ“ - ტონიმ მაჯები და ფეხები დანით დაისერა
და ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით, მაყურებელში ძრწოლის დაბადებას შეეცადა.
ახალგაზრდა ქალისა და ცოლიანი მამაკაცის სადო-მაზოხისტური ურთიერთობა, სპექტაკლის
ერთ-ერთი მთავარი ხაზია.
წარმოდგენაში წარსული და აწყმო გადახლართულია ერთმანეთში, მისი ლიტარატურული
საფუძველი ხან აბსურდის ნაწარმოები გგონია, ხან ეგზისტენციალური თეორიის ზეგავლენის ანარეკლი და ხან პროზაული
მონოლოგების კასკადი, რომელსაც სცენური მოქნილობა და პლასტიკა აკლდა.
გერმანულენოვანი გმირები ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ, ჩვენ ვკითხულობდით და
ვკითხულობდით. ამ დროს იმასაც ვფიქრობდი, პიესად წოდებული ეს ნაწარმოები, რომ წამეკითხა,
ალბათ უკეთესი იქნებოდა.
რეჟისორი აშკარად შეუპოვარი ახალგაზრდა ქალბატონია,
რომელიც ერთობ რთულ - ადამიანების ურთიერთობის კრიზისის თემას შეჭიდებია. ის
ცდილობს ცხოვრების რეალური ამბებისაგან მხატვრული ეპიზოდები შექმნას, სხვადასხვა
ადამიანთა ისტორიების ერთ საერთო ღერძზე აგებას, მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობაა,
ვინაიდან ეს „წყეული“ ლოგიკური წყობა გამუდმებით გახსენებთ თავს და სპექტაკლის
მსვლელობისას ჩაგჩურჩულებს, რომ რაღაც ისე არ არის. თითქმის ყველა ეპიზოდი, ყველა
გმირი ტელევიზიით ნაჩვენები და ფართო მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ პოპულარულ ფილმებს
გაგონებთ. ყველა პრობლემა, თემა ან ისტორია: ერთ ფერში გამოხატული მარტოობა თუ გაუცხოება,
ბავშვის გაუჩინარება თუ მისი მშობლების განცდები, ქალიშვილის თავისუფალი ქცევა თუ
ცოლის მრისხანება, გამდიდრებულის სასოწარკვეთა, ვიღაცის მსხვერპლად ქცევა თუ ღატაკის
ბედნიერება და. ა. შ. ჩვენ ბევრ ფილმებში გვინახავს. შეიძლება რეჟისორმა ამ ხერხით
მაყურებლის მიზიდვა სცადა.
სპექტაკლში მართას როლის შემსრულებელ, ნინო
ბურდულის თამაშში თუ შეიცნობდით გმირის წარსულს, ტანჯვას, ცვლილებებსაც და
სასოწარკვეთას. ამ ქართველი მსახიობის (რომელმაც იმავე დროს ნინო ხარატიშვილის
პიესები გერმანულიდან თარგმნა) ნამუშევარი იმდენად აშკარაა და მკვეთრი, რომ ამ
დროს თავისუფლად შეძლებდით სცენაზე შექმნილი ქაოსისაგან დასვენებას.
გერმანელი მსახიობების შესრულებაში აშკარად
შეამჩნევდით მეტყველების კულტურას, მაგრამ კონკრეტულად რას თამაშობდნენ და რის
თქმა უნდოდათ, ეს გაუგებარი იყო. თუმცა კარგად გვახსოვს გასული წლის შემოდგომაზე
რეჟისორ თომას ოსტერმაიერის „ხალხის მტერი“ (ჰ. იბსენის პიესა), რომელიც ხელოვნების
უმაღლესი მწვერვალი იყო. იქ ყველამ ზუსტად იცოდა რისთვის გამოდიოდა სცენაზე და ჩვენთვის
რა უნდა ეთქვა - რომ ქვეყანას ვერ გამოადგები მარტო პირად ინტერესებზე აგებული
ურთიერთობითა და გარიგებით და თუ ამ პრობლემას ვინმე შეეწინააღმდეგება - ექიმი
სტოკმანის მსგავსად, მას შერისხვა და ბოლოს განდევნა დაემუქრება...
შეიძლება ვინმემ თქვას - ის თომას ოსტერმაიერია და
ნინო ხარატიშვილი, მასთან შედარებით, ასაკით პატარაა! მაგრამ ხომ არსებობს სცენური
კანონები, რომლებიც დიდმა და პატარამ უნდა იცოდეს. თუ სცენური კანონები იცი და ისე
აგებ პიესას და მერე სპექტაკლს, მაშინ ისიც გეცოდინება - რის თქმა გინდა ამ პიესით
თუ ამ სპექტაკლით. და თუ პიესაში ან სპექტაკლში ეს მთავარი პრინციპი არ ჩანს, მაშინ
რისთვის ირჩევ ამაღლებულ ადგილს ანუ ფიცარნაგს?
ფინალისკენ მიმავალ სპექტაკლში, როცა ტრაგიკულად
განვითრებული მოვლენები დასასრულს უახლოვდება, ამ დამთრგუნველ ქაოსში ვერ
გავერკვიეთ და როცა პიესა მოვიშველიეთ, ძლივს გავიგეთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში
გამოსავალი არ არის და ყველაფერი უნდა აფეთქდეს! თუმანიშვილის თეატრის ჭერიდან ამ
დიდი სპირალის „გავლით“, დრო და დრო ძირს ეშვებოდა სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი,
რომლიც ალბათ მაყურებლის სამოსსაც გულისხმობდა, რითიც რეჟისორმა ამაყად გვამცნო ჩვენი
გაშიშვლება და ისიც რომ სახიდან ნიღაბი აგვაფხრიწა, არაცნობიერი ამოგვიტივტივა და კრიზისიდან
გაგვათავისუფლა.
რაც შეეხება კრიზისს... გერმანულ პრესა
„მრისხანებაზე“ წერს: „ყველა რვა პერსონაჟი განრისხებულია, საკუთარი ნებით არჩეულ
ცხოვრებაზე.“ და რომ ეს გმირები სარტრისეული „თავისუფლებით არიან დაწყევლილები“. უნდა
შევახსენოთ სამშობლოდან წასულ მწერალ ნინო ხარატიშვილს, რომ საქართველოში, „საკუთარი
ნებით“ცხოვრებას არ ირჩევენ და ჩვენ ქართულ დრამას სხვა საწყისი აქვს, სწორედ
ამიტომ თბილისში წარმოდგენილ ქართულ-გერმანულ პროექტს - „მრისხანებას“ ერთჯერადი
ჩვენების სახე ჰქონდა, რომელიც სულში და გონებაში ქაოსს გიტოვებს, გრთგუნავს და
ადამიანის ერთადერთ ნუგეშს - იმედს გართმევს. საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა
არსებობისთვის, ბრძოლა ლუკმა-პურისთვის და ე. წ. „ურთიერთობის კრიზისი“ განსხვავებულ
საფუძვლებზე დგას, რომელიც უახლოვდება ჩვენთვის და ევროპისთვის საერთო - „ხალხის
მტრის“ ოსტერმაიერისეულ
ამოხსნა-გაანალიზებას.
ახალგზარდა მწერალს შევხსენებ - სულიერი უფსკრულის
პირას, რომ იდგეს ადამიანი თავისი არსით, ღირებულებებით, მაყურებელს იმედი მაინც არ
უნდა წაართვა. ისევ ბავშვობის ტრამვებზე, სექსზე, ტერორისტებზე, დაკარგულ თუ
თვითმკვლელ ბავშვზე და ა. შ. თემებით გადავსებულია შოუ-ბიზნესის ფილმები, რომლებსაც
თავისი ადგილი აქვს, მაგრამ როდესაც ხალხი ჯდება ამაღლებული ფიცარნაგის წინ და თავისი
ცხოვრების 2 საათს გიძღვნით თქვენ და თქვენ ნამუშევარს: ან მწერლობა აირჩიეთ, ან
დრამატურგობა და ან რეჟისურა.
რეჟისორი და დრამატურგი, ნინო ხარატიშვილი: დრამის რეჟისურა ჰამბურგში დავამთავრე. ჩემი აზრით,
თეატრი ინტერპრეტაციის ხელოვნებაა და ყველა ადამიანი, თავისი გამოცდილების და
ფსიქო-ტიპის მიხედვით, თავის აზრს გამოიტანს. ანუ ეს არის ისტორია რვა ადამიანისა,
რომლებიც კრიზისულ მომენტში, დრამატული და ტრაგიკული გზით - ცუდისკენ ან კარგისკენ,
გადაწყვეტილებას იღებს. მაინტერესებს ადამიანები ექსტრემალურ სიტუაციაში.
ქალბატონო ნინო, ეს შეყვირებები, ემოციური
აფეთქებები, რომლებიც ალბათ ჩვენზე უნდა მოქმედებდეს და ამ დროს თითქოს უნდა
ამოიძირკვოს მაყურებელში ჩაბუდებული კრიზისი... მაგრამ ეს არ მოხდა. ისე, თქვენ
ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო კრიზისშია?
ბევრი
რამ არის კრიზისში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთელი სამყარო კრიზისშია - ეს ძალიან
პათეტიკური და ხმამაღლა ნათქვამი იქნებოდა. დღეს ადამიანურ ურთიერთობებში რთულადაა
საქმე და ყვირილი რომ შველოდეს საქმეს, კარგი იქნებოდა.
როგორც რეჟისორს და დრამატურგს თქვენი გმირები, ამ გზაზე მიგყავთ...
კი,
მაგრამ ეს არ უშველის.
რისთვის დადგით ეს სპექტაკლი? ვუყურებ, ვთქვათ ამ
კრიზისს და მე, როგორც მაყურებელს რა უნდა დამეუფლოს? თქვენი მოსაზრება
მაინტერესებს.
როგორ
შეიძლება დიქტატორივით დაუკანონო ვინ, რა უნდა იგრძნოს და იფიქროს, ეს მიუღებელია
ჩემთვის. ყველა ადამიანმა ის უნდა იფიქროს და იგრძნოს, რაც მას სურს და რისი
დანახვის უნარიც აქვს.
თქვენ სპექტაკლს მაყურებლისთვის დგამთ თუ ჩაკეტილი
ლაბორატორიული სისტემაა?
რა
თქმა უნდა მაყურებლისთვის ვაკეთებ, მაგრამ რომ გავიდეთ და სამ ადამიანს ვკითხოთ,
რა ნახა, ყველა სხვადასხვა აზრს იტყვის. ეს კარგია! ხანდახან პიესას, რომ ვდგამ,
ჩემ ჩანაფიქრში, მსახიობი სულ სხვა რაღაცას ხედავს და ზუსტად ეს არის რეჟისურაში
საინტერესო.
რამდენი სპექტაკლი გაქვთ დადგმული?
2007
წლიდან ვდგამ. სამეფო უბნის თეატრში „ლივ შტაინი“ განვახორციელე, ჩემი პიესები
სხვა ქვეყნებშიც იდგმება, მაგრამ მე, როგორც რეჟისორი ვმუშაობ გერმანულენოვან
თეატრებში... ბერლინი, ფრაიბურგი, ვენა...
ნინო ბურდული:
მე შეიძლება თამაშის დროს ემოცია არ გამიჩნდეს, მაგრამ უნდა ვეცადო, რომ მაყურებელს
გავუჩინო ემოცია და გადმოვცე ის აზრი, რაც უნდა რეჟისორს და რაშიც მე ვეთანხმები.
საერთოდ ასეა - ან უნდა დაეთანხმო რეჟისორს ან უნდა წახვიდე!
დღეს
ითვლება, რომ სათქმელს მნიშვნელობა არ აქვს. მიხეილ თუმანიშვილის შემდეგ, შენ თუ
სადმე, რომელიმე სპექტაკლში სათქმელს ნახავ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა...
სათქმელი - ეს იყო იმ თეატრში, რომელშიც მე ვარსებობდი, ვგულისხმობ მიხეილ თუმანიშვილის თეატრს. როცა რაღაცას
დგამ, როცა რაღაცას თამაშობ, რაღაცას ხატავ ან მუსიკას წერ და უკრავ - უნდა
გაწუხებდეს ან გტკიოდეს, ან გიხაროდეს, ან გაზიარება გინდოდეს. აი, ასეთია ის
თეატრი, რომელსაც ნინოს წყალობით რამდენჯერმე შევეხე, რომელიც მიყვარს,
რომლისთვისაც მალობელი ვარ, იმიტომ რომ ვგიჟდები მის სპექტაკლებზე, მის პიესებზე...
ამასთან, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის საშუალება მომცა, რაც არაჩვეულებრვია!
მე მაინც ვერ გავიგე სათქმელი...
ვერ
გაიგე?.. რომ ყველაფერს ფასი ადევს? რაღაცას რომ მიზანდასახულად აკეთებ და როცა
გადახდის მომენტი მოდის, მერე ტყდები ან არ ტყდები. ნინო ლაპარაკობს, მაგალითად იმ
პერსონაჟებზე, რომლებიც გატყდნენ და ტყდებიან, ეს კიდევ არ ნიშნავს ხელჩაქნეული
ცხოვრებას. მაგრამ ხომ არის შემთხვევები, როცა არ ტყდებიან და უფრო დიდ საფასურს
იხდიან, მაგრამ ასეთი სიცოცხლე ან გინდა, ან არა!
ჩვენ დავინახეთ ევროპის გარკვეული ნაწილის კრიზისული
მდგომარეობა. კრიზისი ადამიანების ურთიერთობაში ჩვენთანაც არის. რას ნიშნავს, როცა
ამას ქართველი ხედავს, ვგულისხმობ დარამატურგსა და რეჟისორს - ნინო ხარატიშვილს.
გერმანელი მსახიობი ირის მელამედი: მე არ მგონია, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად ვხედავთ
კრიზისს, იმიტომ რომ კრიზისი გამოიხატება ადამიანების ურთიერთობებში, ამიტომ ეს
ინტერნაციონალურია. ამ კრიზისის გადმოცემისას, ქართველმა და გერმანელმა მსახიობებმა
ერთმანეთს კარგად გავუგეთ და საინტერესო შერწყმა, ემოციების თანხვედრა მოხდა. ნინო
ხარატიშვილი ქართველიც არის და გერმანელიც, ამიტომ ორ ერს აერთიანებს.
მსახიობი პაატა ინაური: პირველ რიგში გამოცდილება მივიღე: სულ ყურადღებით
უნდა ვიყო, რომ რეპლიკა არ გამომრჩეს. სულ პროცესში ხარ, ერთი წამით არ დუნდები -
ისე, ყველა სპექტაკლში ასე უნდა იყო,მაგრამ აქ განსაკუთრებით. ნინოსთან პირველად
ვიმუშავე და ძალიან საინტერესო ადამიანია, როგორც მწერალი და როგორც რეჟისორი. ორ
ენაზე თამაში საინტერესოა და რთულიც. ხანდახან მგონია, რომ პარტნიორს ჩემი არ
ესმის და სიტყვებს ჰაერში ვისვრი, მაგრამ ალბათ რაღაცა გამოდის, არ ვიცი, ეს თქვენ
უნდა შეაფასოთ.


