пятница, 22 апреля 2016 г.

მანანა ტურიაშვილი
როგორ ხედავს შექსპირის სამყაროს ქალი?

400 წლის წინ შექსპირი გარდაიცვალა, მაგრამ მან მსოფლიოს უსასრულო და უძლეველი სიყვარული დაუტოვა.

სცენა სპექტაკლიდან „შექსპირი.ს

უილიამ შექსპირი (1564 წლის 23 აპრილი - 1616 წლის 23 აპრილი) 2016 წელს მისი გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება. შექსპირის საიუბილეო წელს მსოფლიო ინტელექტუალური და სახელოვნებო სამყარო სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. რუსთაველის თეატრმა და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდმა, 20 და 22 აპრილს პრემიერა წარმოადგინა.


რობერტ სტურუა და შექსპირის სამყარო განუყრელი მეგობრები არიან. მისი დადგმები მსოფლიოშია ცნობილი, აღიარებული და პატივდებული. „შექსპირი. სიყვარული“, რუსთაველის თეატრის ამ წარმოდგენის ლიბრეტოს თანაავტორი არის ბატონი რობერტ სტურუა, რეჟისორი და პრინციპში შექსპიროლოგი.


წარმოდგენა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული ფანტაზიაა, სადაც რუსთაველის თეატრის მსახიობები და ბალეტის მოცეკვავე - ნათია ბუნტური შექსპირის სიყვარულზე უსიტყვოდ გვიამბობენ. შექსპირის ენის, მისი ფრაზის მუსიკალურობის სრულყოფილი შეგრძნებისთვის, წარმოდგენაში გამოყენებულია ჯონ გილგუდისა და ალან რიკმანის შექსპირის სონეტების აუდიო-ჩანაწერები. ფიცარნაგზე მოთავსებული ზარდახშიდან შექსპირის გმირები ამოდიან, უნიჭიერესი მსახიობის - ლელა ალიბეგაშვილის შექსპირს, თან სდევს ნათია ბუნტურის პლასტიკური და მეტყველი ბედისწერა.


ნათია ბუნტური
ფილოლოგიის დოქტორი, რუსთაველის თეატრის თანამშრომელი, დავით მაზიაშვილი: ეს არის ასოციაციური, ალუზიური აღქმა. აქ შექსპირის სამყაროა, საიდანაც ამოიზრდება სხვადასხვა თემები, მოტივები... პირველ რიგში მოიცავს შექსპირის სონეტებს, შემდეგ ტრაგედიებს და კომედიებს, მაგრამ აქ არის აბსტრაქცია...

კონკრეტულად, რომელი ნაწარმოები გაქვთ გამოყენებული?

ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე: ამის ცოდნა საჭირო არ არის! თქვენ რაზეც გაგიჩნდათ ასოციაცია, ის ნაწარმოებია. ჩვენ ხომ არ დავაკონკრეტეთ! ლიბრეტოზე ზაფხულიდან მოყოლებული ვმუშაობთ, მე და ბატონ რობერტ სტურუამ გავაკეთეთ.

მოქმედი გმირების ურთიერთობები თქვენ ააგეთ?

დიახ! მე ვარ დამდგმელი. ქორეოგრაფი ისედაც რეჟისორია!

მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია: ეს ხომ არ არის იმ ფორმის სპექტაკლი, რასაც დრამატული წარმოდგენა ჰქვია, იმიტომ რომ იქ ცოტა მეტი ემოცია გაჭირდება, ფრაზაზე მუშაობ და ა. შ. აქ გმირის სხეულში ხარ. შეიძლება შექსპირი წაკითხული არ გქონდეს და არ იცოდე რა ხდება სცენაზე, მაგრამ მე მგონია, რომ პატარა მინიშნებები მაინც არის და ეს გასაგები უნდა იყოს.

უსიტყვოდ მოყვე ამბავი - ალბათ თქვენთვის ეს კიდევ ერთი გამოცდილებაა...

მე მარიამ ალექსიძის „ჰარირაშიც“ ვთამაშობდი. მაინტერესებს ასეთი სამუშაო და გულიც ამიტომ მიმიწევს მოძრაობისკენ. პირველ კურსზეც ვფიქრობდი - პანტომიმაზე ხომ არ გადავიდე!

შექსპირზე ხომ კამათობენ - ქალი იყო თუ კაცი? ჩვენ სპექტაკლში შექსპირი ქალია, რომელსაც მაგარი მსახიობი და მაგარი ადამიანი - ლელა ალიბეგაშვილი თამაშობს.

მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი: 2000 წელს მსგავსი პერსონაჟი, რობერტ სტურუას „კარმენში“ ვითამაშე. ჯანო კახიძე დირიჟორობდა. „კარმენში“ მქონდა ბედისწერის როლი - შემოქმედებითი სული ქმნის და მერე გიჟდება. ახლა, რომ გითხრათ „ვაჰ, რა გავაკეთე“ - ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მარიამის ქორეოგრაფია ისე მომწონს, რომ მშვენივრად გავერთე და ახალგაზრდებთან სიამოვნებით ვიმუშავე. ეს არ იყო წამება ან გაუთავებელი რეპეტიციები.


მე საბალეტო სკოლა დავამთავრე და თანამედროვე ბალეტი, ჩემთვის მსუბუქი ჟანრია. პარტნიორი ახალგაზრდა ბალერინა მყავს - ნათია ბუნტური. სასიხარულო ინფორმაცია - მარიამს თეატრი დაუმტკიცეს დ მას 8 კაციანი მუდმივი დასი ეყოლება, თბილისის მერიამ დააფინანსა.

ბალეტის მოცეკვავე, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სოლისტი, ნათია ბუნტური: მარიამი გვაძლევს თავისუფლებას, რომ ჩვენც და მაყურებელმაც წარმოსახვის ტერიტორია დავიტოვოთ, ამიტომ თამამად ვიტყვი: შექსპირი უკიდეგანო სივრცეა და მთელი სამყარო.

ნათია, დრამატული თეატრის მსახიობებთან როგორ მუშაობდი?

უნდა გითხრა, რომ კარგი გაგებით კომპლექსი მაქვს, იმიტომ რომ მათ იციან ის, რაც მე ბოლომდე არ ვიცი, არ მისწავლია და ალბათ არც უნდა ვიცოდე - სწორედ ეს არის საინტერესო. მე პლასტიკით გამოვხატავ, არა? მაგრამ ამ დროს ვაკვირდები მათ, თუ როგორ ამუშავებენ ამა თუ იმ მოძრაობას, გრძნობას თუ პერსონაჟს. დრამატული თეატრის მსახიობები განსხავებულად გამოხატავენ, ამიტომ მე უფრო მეტს ვსწავლობ. ყოველდღიური რეპეტიციები, თუნდაც ნახევრ საათიანი, მოდის უშრეტი წყალივით, ისევე როგორც შექსპირის შემოქმედება და ამას ემატება ისიც, რომ მარიამის ქორეოგრაფიაა უშრეტი ფანტაზიის მქონე.

მარიამ ალექსიძის ბაბუა აღიარებული რეჟისორი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე იყო, მამა ქორეოგრაფი - გოგი ალექსიძე. ქალბატონმა მარიამ ალექსიძემ მოცეკვავის კარიერას, ქორეოგრაფია ამჯობინა და უკვე 2011 წელს მარინა, ნინო, დიმიტრი, ირინე, ანა ალექსიძეებთან ერთად „გიორგი ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი“ დააფუძნა. ამ ფონდის ეგიდით დაიდგა სპექტაკლები: „აჯარპანი“, „ალვა“, „ჰარირა“, „გურჯი-ხათუნი“. „შექსპირი. სიყვარული“ - ჩვენი ინფორმაციით, ამ ფონდის მე-5 წარმოდგენაა. მან ჩაუყარა საფუძველი პროექტს: „ფანტაზია ქართული ფოლკლორის თემაზე“. ქართული ბალეტის განვითარების ეს ტრადიცია დაუფუძნებია ვახტანგ ჭაბუკიანს, შემდეგ გიორგი ალექსიძეს გაუგრძელებია და დღეს, მათ მემკვიდრე მარიამ ალექსიძეა.





вторник, 19 апреля 2016 г.



მწყემსობიდან სათეატრო ჟურნალის რედაქტორობამდე



იოსებ იმედაშვილი დაიბადა 1876 წლის 20 აპრილს

XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული სათეატრო ჟურნალისტიკა გამოირჩევა არნახული გულწრფელობით, ობიქტურობით და პირდაპირობით. „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“... ილია, აკაკი, სერგეი მესხი და სხვანი, ბევრს წერდნენ თეატრზე, სპექტაკლებზე, მსახიობებზე. თეატრისთვის უამრავი რამ უკეთებია იოსებ იმედაშვილს, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორ-გამომცემელს, რომელსაც დღეს 140 წელი უსრულდება.

უდიდესი პროზაიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „იმედაშვილს რომ დავინახავ ან გავიხსენებ ხოლმე, ძალაუნებურად მაგონდება ქვაშვეთის ქუჩა, ბუკინისტების რიგი და იმ რიგში ერთი პაწაწინა ქოხი. იმ ქოხში ზაფხულში უფრო ცხელა, ხოლო ზამთარში უფრო ცივა, ვიდრე გარეთ. წიგნებში ჩამძვრალი იოსებ იმედაშვილი რიჟრაჟიდან დაღამებამდე თავჩაღუნული ზის დახლის უკან და გამალებით მუშაობს. ვითომ წიგნებითაც ვაჭრობს, მაგრამ... მუშტრების მაგივრად უფრო ნაცნობ-მეგობრები ეხვევიან და ხელს უშლიან, ხოლო მუშტრისთვის სოსოს არ სცალიან, ამიტომ არც მუშტარს სცალია ახირებული „ვაჭრისთვის“. მუშტარი რომ შემოვა, უცნაური „ვაჭარი“ და მწიგნობარი თავს ძლივს ასწევს, პასუხსაც ძლივს აკადრებს, ზოგჯერ კი არც ამისთვის სცალიან... კვლავ ჩრჩილივით ჩაუჯდება ქაღალდებს.“ შეღამებისას იოსებ იმედაშვილი თავის დუქანს დაკეტავდა და სახალხო სახლში ან მურაშკოს თეატრში მირბოდა, როლის სათამაშოდ.

იოსებ იმედაშვილი ბავშვობაში მწყემსი იყო. ჭაბუკობაში ზეინკალი, მერე სცენისმოყვარეთა წრის ხელმძღვანელი, ხელნაწერი ჟურნალის რედაქტორი, საუბნო წარმოდგენების მონაწილე, ბუკინისტი, სცენისმოყვარეთა პირველი ოფიციალური სპექტაკლის რეჟისორი, მეფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული პოემების ავტორი, ლექსიკოლოგი, სოფელ ხაშმის არჩევითი მამასახლისი (1905 წელი); მეტეხის ციხის ხშირი პატიმარი, ქართული თეატრის მსახიობი, დრამატული საზოგადოების მდივანი, ჟურნალ „თეატრისა და ცხოვრების“ რედაქტორ-გამომცემელი, უებრო ორატორი....

ხანში შესულს, ერთხელ სვანეთში მიეჩქარებოდა ლექციების წასაკითხად. თეთრი წვერით, ქართული თექის ქუდით და ხელჯოხით რუსთაველზე მდებარე აეროფლოტის სალაროს გაღებას ელოდებოდა. თვითმხილველი შეწუხებულა - ამ ასაკში თავს უნდა გაუფრთხილდეო. იოსებ იმედაშვილს უპასუხია: „იმდენი რამე მაქვს გასაკეთებელი, იმდენი, რომ ერთი საუკუნე არ მომჭარბდება. სამკალი ბევრია, მომკელი კი ნაკლები. უნდა გავაცნო ჩვენს ხალხს ბრძოლებით სავსე მისი წარსული, გმირული აწყმო.“

იოსებ იმედაშვილის პორტრეტის შტრიხები

მეფის მთავრობა ხელს უწყობდა ეროვნული შუღლის გაღვივებას. ამ ანკესს წამოეგო თათართა და სომეხთა ზოგიერთი ფენა და დაიწყო ძმათა შორის სისხლის ღვრა. გარეკახეთიდან იორ-მუნღალოს თათრობა  დაიძრა და თბილისში აპირებდა ლაშქრობას სომხების გასაჟლეტად. იოსებ იმედაშვილი თავისი რაზმით წინ აღუდგა მათ და თბილისისკენ მიმავალი ლაშქარი უკან გააბრუნა.

გურიაში აჯანყებულთა ასაწიოკებლად დამსჯელი რაზმები გააგზავნეს. მთავრობას პროტესტს უცხადებდნენ ამის გამო. ერთ დღეს მეფის ნაცვლის სასახლეს ცხენოსანთა რაზმი მიადგა იოსებ იმედაშვილის მეთაურობით და მეფის ნაცვალს, ხალხის სახელით გურიიდან ჯარის გაყვანა მოითხოვა. თუ ეს არ გიქნიათო, განაცხადეს გარეკახელებმა, იარაღს ავისხავთ და მისაშველებლად გურიისკენ დავიძვრებითო. გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა შეიარაღებული დელეგაციის სურათი, რომელთა შუაში იოსები იდგა.

როგორ გამოსცეს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“

ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ გამოდიოდა 1910, 1914-20, 1923-26 წლებში. ჟურნალი გამოსცა ადამიანმა, რომელსაც არ გააჩნდა არც პოლიგრაფიული ბაზა, არც ქაღალდი, არც ბინა რედაქციისთვის, არც თანამშრომლები ჰყავდა და არც საჭირო თანხა ჰქონდა.

ალექსანდრე ბუხნიკაშვილი იხსენებს იოსებ იმედაშვილის ნაამბობს: „ერთი აზრი ამეკვიატა - განვიზრახე სათეატრო ჟურნალის გამოცემა. ვიცოდი ჩემი ბუნება: თუ რაიმე აზრი დამებადებოდა, ნემსის ყუნწში გავძვრებოდი და უნდა შემესრულებინა. გროშ-კაპიკი არ მქონდა. ბედად შევხვდი მიტროფანე ლაღიძეს. ჩემი ზრახვანი გავუზიარე. დაინტერესდა და ორასი მანეთი მასესხა. აი, ამ თანხით დავიწყე საქმე და როგორც იცი, 15 წლის მანძილზე ვცემდი ჟურნალს.“

იოსებ იმედაშვილმა დაარსა „თეატრი და ცხოვრება“ და მისი რედაქტორ-გამომცემელი იყო. ყოველკვირეულ თეატრალურ-ლიტერატურულ ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: შალვა დადიანი, კოტე ყიფიანი, კოტე მესხი, იოსებ გრიშაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვანი. ჟურნალში იბეჭდებოდა ახალი პიესები, სტატიები თეატრის ისტორიისა და თეორიის საკითხებზე, მსახიობთა აღზრდაზე, რეჟისორის ოსტატობაზე, მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობაზე; რეცენზიები სპექტაკლებზე, ლიტერატურული და იუმორისტული ხასიათის წერილები, კარიკატურები.

ჟურნალის კარი ყველასთვის ღია იყო

ჟურნალში აკაკის, გალაქტიონ ტაბიძის და სხვა საამაყო პოეტების გვერდით უცნობი პოეტების ნაწერებიც ქვეყნდებოდა. დიდ მსახიობთა პორტრეტებთან სცენისმოყვარეთა სურათებიც იბეჭდებოდა. გამოჩენილ საზოგადო მოღვაწის გვერდით კი, რომელიმე მივარდნილი სოფლის სამკითხველოს გამგის პორტრეტს იხილავდით. პირველი მსოფილო ომის დროს ქართველი რიგითი მეომრების სურათებიც უხვად იყო.  1925 წლის ივნისში „თეატრი და ცხოვრების“ საიუბილეო ნომერი გამოვიდა.

მიხეილ ჯავახიშვილი: ჩემი ქართულის მასწავლებელი იოსები იყო

მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „...იოსებ იმედაშვილი ჩემი ქართულის ნათლიაა. რუსეთიდან რომ დავბრუნდი, ვაღიარებ ჩემ სირცხვილს - ქართული ნაკლებად ვიცოდი. ბედმა იმედაშვილის წიგნის დუქანში შემიყვანა. მოვითხოვე ქართული წიგნები. ერთმანეთს გამოვეცნაურეთ. იმ დღიდან ხშირი სტუმარი გავხდი მისი დუქან-სამკითხველოსი. სანამ „ცნობის ფურცელში“ დავიწყებდი მუშაობას, ჩემი ქართულის მასწავლებელი იოსები იყო. პირველად მან წაიკითხა ჩემი პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ და იმანვე გამაგზავნა „ცნობის ფურცელში“.

მასალა დაამუშავა მანანა ტურიაშვილმა
ფოტოები ლუარსაბ ტოგოტიძის კოლექციიდან