გამოქვეყნებულია ჟუნალში „ჩვენი მწერლობა“, #3,2014 წელი
ეს სანუკვარი უწონადობა
![]() |
| ავტორი - მანანა ტურიაშვილი |
2013 wlis
20 seqtemberidan 8 oqtombramde mimdinareobda Tbilisis saerTaSoriso Teatraluri
festivali. festivali moicavda ucxour da qarTul programebs. ucxouri programa or
nawilad iyo dayofili: 1. aRiarebuli speqtaklebi da 2. NEW _ axali speqtaklebi. Tbilisis saerTASoriso festivalis
devizi iyo: `realobis natifi grZnobiT~.
თბილისის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის
პროგრამა ზუსტად გათვლილი, თემატურად შერჩეული სპექტაკლებით იყო განპირობებული, სადაც
წარმოდგენები ტემპო-რიტმის მიხედვით ენაცვლებოდა ერთმანეთს: მშვიდი და გაწონასწორებული, ფილოსოფიური „მთვარის უხილავი მხარე“, თავაშვებული
„მაკბეტი“, „გოდოს მოლოდინის“ ჩუმი კივილი, „გულივერის მოგზაურობის“ წრეგადასული სისასტიკე,
„დაკარგულის“ ცეცხლოვანი ტემპერამენტი, „ბრძოლის შემდეგ“ დამყარებული სიმშვიდის მოზაიკური
ეფექტი, „ძმები კარამაზოვების“ შინაგანი, წამლეკავი ემოცია და. ა. შ.
ფესტივალის ორგანიზატორების მიერ მოწყობილ ყოველ საღამოს სიახლეს ელოდი, დროს არ ფლანგავდი, პერონაჟების ტკივილს შეიგრძნობდი, მათ სიხარულს,
აღმაფრენას, მარცხს, განხიბვლას, ღმერთთან კამათს და უღმერთობას, მოყვასის სიყვარულს
და მის მიმართ სიძულვილს, სისატიკეს და მოთმინებას.
ადამიანთა განცდებით შექმნილი სცენური ატმოსფერო მაყურებელთან ცოცხალ კონტაქტს ამყარებდა,
ტექსტი სხვადასხვა ენაზე მოედინებოდა მაყურებელთა დარბაზში და გრძნობდი, რომ შენც სამყაროს
ნაწილი ხარ, რომ „ისინიც“, იქ, შორეულ და ჩვეულებრივი ქართველი მოკვდავისათვის მიუწვდომელ
ქვეყნებში, იმგვარადვე განიცდიან ტკივილსა თუ სიხარულს, როგორც ჩვენ. ისინიც ეძებენ
პასუხს კითხვაზე: რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე, რა გვინდა და სად მივდივართ?
თბილისის
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში
წერია: „EX
MACHINA არის მულტიდისციპლინარული დასი, რომელიც მსახიობებს, მწერლებს, დამდგმელ რეჟისორებს,
ტექნიკურ პერსონალს, ოპერის მომღერლებს, თოჯინების თეატრის მსახიობებს, კომპიუტერული
გრაფიკის დიზაინერებს, ვიდეო არტისტებს და მუსიკოსებს აერთიანებს.“
![]() |
| რეჟისორი რობერ ლეპაჟი |
ბოლო მონაცემებით, EX MACHINA-ს ხელმძღვანელის, რეჟისორის,
მსახიობისა და დრამატურგის რობერ ლეპაჟის სპექტაკლი „მთვარის შორი მხარე“, მსოფლიოს
50 ქალაქში უჩვენეს. თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რომ სცენურ ფიცარნაგზე მხოლოდ ერთი
ადამიანი თამაშობს, მაშინ ამ წარმოდგენას მონოსპექტაკლი
უნდა ვუწოდოთ. წარმოდგენის ნახვის შემდეგ რწმუნები, რომ რეჟისორმა ჩანაფიქრის განსახორციელებლად
ერთი მსახიობი პრინციპულად აირჩია, რათა ხაზი გაესვა მთავარი გმირის - ფილიპის მარტოობის
თემას და მის მოტივაციას მოშორდეს დედამიწაზე არსებულ რეალობას, „ჩამოიშოროს“ ფიზიკური
ტვირთი და გახდეს უწონადი. ლეპაჟი თავად ასახირებდა ამ როლს, მაგრამ თბილისში კანადელმა
მსახიობმა ივ ჟაკმა ითამაშა. სპექტაკლის დადგმიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ლაპაჟი ამ
თემას კინემატოგრაფიის საშუალებით დაუბრუნდა და როგორც თავად ამბობს: ტექსტი კიდევ
უფრო მეტად დახვეწა, შეავსო. თუმც უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლი უფრო დიდ შთაბეჭდილებას
ტოვებს ვიდრე ფილმი. წარმოდგენაში აქტიურად
იყენებენ ვიდეო-ჩანართებს, რომელებიც დაფუძნებულია კოსმოსური კვლევების საარქივო მასალებზე.
მთვარი გმირი - ფილიპი ბავშვობიდან ოცნებობს კოსმონატოვბაზე,
ის გატაცებულია ამ იდეით. წერს დისრტაციას, რომელსაც ვერ და ვერ იცავს - სამეცნიერო
საბჭო უარით ისტუმრებს. „სოიუზ-აპოლონის“, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული
შტატების მთვარეზე შემდგარი მეგობრობა, სპექტაკლში სიმბოლურად აღიქმება. მსოფლიოში
მიმდინარე პოლიტიკური ამბები ხომ არ ორი ქვეყნის ურთიერთობაზეა აგებული.
სპექტაკლი და ფილმიც იწყება მთხრობელის ტექსტით, რომელიც
მაყურებლზე გამაოგნებლად მოქმედებს: ეს სპექტაკლი მეცნიერებაზე და კოსმონავტიკაზეა?..
რას გვიამობს სპექტაკლის შესავალი: ტელესკოპის გამოგონებამდე ადამიანს მიჩნდა, რომ
მთვარე არის უზარმაზარი სარკე, ხოლო მის ზედაპირზე ასახული ლაქები, დედამიწის მთებისა
და ოკეანეების ანარეკლია. მთვარის სინჯები აღების შემდეგ, დედამიწელებისათვის ცნობილი
გახდა მთვარის უხილავი მხარე, რომელიც დასერილია მეტეორიტული წვიმებით და კოსმოსური ნარჩენებით.
სწორედ ამის გამო მეცნიერებმა მას მთვარის მახინჯი მხარე უწოდეს. მთვარის მეორე მხარის
კრატერებს დაარქვეს საბჭოთა კოსმონავტებისა და დიდი რუსი მწერლების სახელები. პირველ
კრატერს უდიდესი მეცნიერისა და გამომგონებლის - კონსტანტინე ციოლკოვსკის სახელი უწოდეს.
მოქმედ გმირს, ფილიპს დედა უკვდება. ეს ფაქტი ვერ აგვარებს
ფილიპისა და მისი ძმის - ანდრეს შორის ბავშვობიდან წარმოშობილ კონფლიქტს, რომელიც გარდაცვლილი დედის გაუნელებელი
წუხილის მიზეზი იყო. ოჯახური განხეთქილება, რომელიც ძირითადად ძმების შეუთვსებელი პიროვნებების
არსში მდგომარეობდა, საბედისწეროდ გარდაცვლილი დედის გამო არ იცვლება. ანდრე წარმატებულია,
ფილიპი რიგითი, გაჭირვებული ადამიანია, რომელსაც არა აქვს მუდმივი სამუშაო. ის არც
ძმასავით შეძლებულია, არც საკრედიტო ბარათი აქვს, არც მეგობარი ქალი ჰყავს - ისიც კი
არ ახსოვს, როდის დაშორდა მას. ფილიპი გარე სამყაროს ძირითადად ტელეფონით უკავშირდება
და სპექტაკლში ეს სატელეფონო დიალოგი ისეა აწყობილი, რომ მხოლოდ ფილიპის პასუხებიდან
ხვდებით უჩინარი მოსაუბრის პიროვნებას. ძმები ძალიან გვანან ერთმანეთს. ანდრე არატრადიციული
სექსუალური ორიენტაციის მამაკაცია და თუ ჩავთვლით, რომ მთვარე დედამიწას აირეკლავს,
მაშინ შეიძლება პარალელიც მოვნახოთ ფილიპისა და ანდრეს უცნაურ მსგავსებაში. ანდრე თითქოს
ფილიპის მეორე მხარეა და ძმების განხეთქილება უფრო ფილიპის საკუთარ თავთან კონფლიქტს
ჰგავს. სარკის მიერ არეკლილი ადამიანი რეჟისორის კვლევის საგანია. ფილიპი ოცნებას აიხდენს
და ჩადის მოსკოვში -კონფერენციაზე, სადაც უნდა წაიკითხოს თეორია - ნაცისიზმის შესახებ.
მისი თეორიის მიხედვით მე-20 საუკუნის კოსმოსური კვლევები ძირითადად მოტივირებული იყო
ნარცისიზმით. ფილმში მოსკოველი მეცნიერი პასუხობს, რომ ის ეთანხმება მის აზრს, რომ
ადამიანმა სარკე გამოიგონა იმისათვის, რომ თავისი თავისათვის შეეხედა, მაგრამ ეს ნაცისიზმით
არ იყო განპირობებული, მას უნდოდა საკუთრი თავის შეცნობა. მოსკოვში ფილიპმა მიიღო პასუხი,
რომ მხოლოდ ადამიანის შეცნობის სურვილით დაიბადა
მეცნიერება, ხელოვნება, რომელიც გვიჩვენებს
ჩვენ ნათელ და ბნელ მხარეებს; ფიზიკურ ტკივილებს, სულიერ ჭრილობებს.
ფილიპი მთელი ცხოვრება ემზადებოდა კოსმონავტთან პირისპირ
სალაპარაკოდ, მაგრამ ეს ოცნებაც არ აუსრულდება. საბჭოთა კოსმონავტ ალექსეი ლეონოვთან
შეხვედრა არ შედგება. რობერ ლეპაჟი ანვითარებს რუსი კოსმონავტის ორი პროფესიის - მხატვარისა
და კოსმონავტის ერთობლიობის საკითხს, რომელიც ფილმში აქტიურდება. მისი აზრით: მხატვარი
და კოსმონავტი ხასიათება ცოდნისმოყვარეობითა და ჯერ კიდევ განუცდელი თავგადასავლების
ძიებით. წარმოდგენის ტექსტში კარგად ჩანს რეჟისორის ძიების გზები: ის შეიმეცნებს საკუთარ
თავს, ახალი თავგადასვლის ძიებაში დგამს სპექტაკლს, მოქმედებს მაყურებლის გონებაზე
და შემდეგ უკვე მის ემოციაზე. დიახ, სწორედ ამ გზას გაივლის კანადელი ხელოვანის გზავნილი,
სადაც უწონადობის შეგრძნების განცდა, ადამიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, გაუცნობიერებელ
მიზნად მიჩნია.
![]() |
| სცენა სპექტაკლიდან „მთვარის უხილავი მხარე“ |
სპექტაკლში აქტიურად ჟღერს დედისა და შვილის თემა, უნაზესი
სიყვარულით მომნუსხავი, რომელიც არ საჭიროებს ფროდისტულ წიაღსვლებს. ივ ჟაკს კარადიდან
გამოაქვს ცისფერი, ელეგანტური და დახვეწილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მაყურებელი უკვე
ხვდება, რომ ფეხსაცმლის პატრონს გემოვნებაც ექნებოდა და ლამაზი ფეხებიც. თუმც დედის
ავადმყოფობა ისე ვითარდება, რომ მას ფეხს აჭრიან. რეჟისორისათვის ინფორმაცია კი არ
არის მთვარი, არამედ ის ფეხსაცმელი, რომელიც ასე ტრაგიკულად ჟღერდა დედის ფეხებზე ახალგაზრდობისას.
ჩვენს მიერ თქმული მსახიობ ივ ჟაკის დახვეწილი, შინაგანად განპირობებული, ასკეტურ მოქმედებებში
იბადება. ამ დროს მაყურებლი, მშვიდი და გაწონასწორებული რიტმით, ფილიპის მონათხრობზე საკუთრ მონოლოგს აყალიბებს
და მეხსირების ყულაბიდან თავისი განცდილი ამოაქვს. რეჟისორი, თითქოს ზუსტ ამოცანას აძლევს მაყურებელს
და იმპროვიზაციის მუხტს ანიჭებს. ტანმაღალი,
ქალის საბურავით თავდამშვენებული ივ ჟაკი ოდნავ-ოდნავ ფეხებს ჩაკეცავს, რათა კოსმონავტის
ფორმაში ჩაცმულ შვილს - თოჯინას წონასწორობა შეუნარჩუნოს და ამ ძუნწი მოძრაობით ჩვენ
თვალწინ უნატიფესი, დედა-შვილური სიყვარულის ეპიზოდი იბადება. ამგვარი ეპიზოდებით ხომ
სავსეა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. სპექტაკლის მსვლელობისას დარბაზში სამარისებული
სიჩუმე იდგა, მაგრამ ეს არ იყო შემაწუხებელი სიჩუმე, როცა ფიქრობ: აი, როდის გავა ეს
2 საათი, და სახლში წავალ. ეს სიჩუმე იყო გააზრების, შინაგანი მონოლოგის, რეჟისორის
მიგნებებით გაოცებული მაყურებლის მდუმარება... ჩვენ, დარბაზში მსხდომნი ლეპაჟის გმირივით
მარტონი ვიყავით და ველოდებოდით მიაღწევდა თუ არა ფილიპი უწონადობას, გაფრინდებოდა
თუ არა ახალ ცნობიერებასთან შესახვედრად კოსმოსში, თუ ეს ყველაფერი, მის მიერ განვლილი
ცხოვრება, მხოლოდ მიუწვდემელისაკენ სწრაფვით დაუძლურებული ადამიანის უშედეგო მიზანი
იყო.
ლეპაჟი სცენის სივრცეს ორად ჰყოფს. დეკორაცია კოსმოსური
ხომალდის მსგავსად მხოლოდ აუცილებელ სათავსოებს მოიცავს, რომელიც საჭიროებისამებრ ავტომატურად
იხურება და იხსნება. როცა ფილიპი მოსკოვის საკონფერენციო დარბაზშია, დეკორაციის გარკვეული
ნაწილის ჩაკეტილი სივრცე იხსნება და მხოლოდ მწკრივად ჩალაგებული წითელი სკამები ჩანს,
რაც უკვე რუსეთს მიანიშნებს. როცა მოგრძო ნიშა იხსნება და მთავარ გმირს დედის ცისფერი
ფეხსაცმელები გამოაქვს, ხვდები რომ ნიშის ცარიელი სივრცე კარადაა. თავდაპირველად ფიქრობ:
იქნებ და რუსთაველის თეატრის სცენა „უბრალოდ“ პრესტიჟულობის გამო დაიკავეს, ან თბილისის
თეატრების სხვა სივრცე თავისუფალი არ იყო და ამის გამო ვერ შეძლეს პატარა სცენაზე თამაში.
მაგრამ, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, ამ დეკორაციის მიღმა დავინახეთ სხვადასხვა
სახის აპარატურა, მსხვილი, ერთმანეთში გადახლართული სადენები, კომპუტერები. დეკორაციას მართვდა 20-მდე
კაცი. და იქ მივხვდი, რომ ამ მონოსპექტაკლს ზუგრს უმაგრებდა სცენის ხელოსანთა არმია. ერთი მსახიობის სათამაშოდ ამდენი ადამიანის
დახმარება, მართლაც არმიად მოგეჩვენებოდათ. ვინაიდან ნებისმიერი დოკუმენტური კადრის
გაშვება, დეკორაციაში ნებისმიერი ცვლილება,
სარეცხის მანქანის ილუმინატორის ტრიალიც, წამის სიზუსტით იყო გათვლილი და დათვლილი.
სპექტაკლში და ფილმშიც იდუმალ სიმბოლოდ იკვეთება აკვარიუმი,
რომლის მრგვალი ფორმა ილუმინატროს ჰგავს, მასში ოქროს თევზი დაცურავს. ეს ოქროს თევზი
ერთადერთი სულიერი არსებაა, რომელიც დედისაგან დარჩათ, ამ ოქროს თევზმა თითქოს დედის სურვილი უნდა აასრულოს
და ერთმანეთთან მისასვლელი გზები აპოვნინოს ძმებს. გასაოცარი და სასაცილო მოგვეჩვენა,
როცა გავიგეთ, რომ დედამ ამ თევზს დაარქვა ბეთხოვენი. ლეპაჟის ამავე სახელწოდების ფილმში
კამერა მსხვილი ხედით აფიქსირებს აკვარიუმში ჩაყრილ სხვადასხვა ფერის ქვებს, რომელიც
კოსმოსურ ნამსხვერებს მიაგავს და ცხოვრების მრავალფეროვნების განცდის შესაგრძნობად
მიგანიშნებთ. ოქროს თევზი რუსული ზღაპრის მიხედვით სამ სურვილს ასრულებს. მთელი ცხოვრების
მანძილზე, ფილიპს არც ერთი სურვილი არ ასრულებია და როცა თევზი უამინდობით გამოწვეული
სიცივის გამო გაიყინება და ანდრე აამშვიდებს ძმას, რომელიც ტელეფონის მეორე მხარეს
მკვდარი დუმილით განიცდის დედის მიერ დატოვებული ერთადერთი სულიერის დაკარგვას, უცებ
ცხოვრება სიურპრიზს უმზადებს და სასოწარკვეთის წუთებში იგებს, რომ მან კონკურსში გაიმარჯვა
და კოსმოსში აგზავნიან. ოქროს თევზის სიკვდილით, ანუ დედასთან დამაკავშირებელი ბოლო
ძაფის გაწყვეტით, ფილიპს უსრულდება ცხოვრების
ერთდერთი ნატვრა - შეიგრძნოს უწონადობა და გაფრინდეს კოსმოსში.
ლეპაჟი მაყურებელს უჩვენებს ბოლო, ფინალურ სცენას და
ხვდები, რომ მთელი სპექტაკლი ემზადებოდა ამ ეპიზოდის შესასრულებლად. მოსკოვში ფილიპი
კოსმოსური კვლევების სამეცნიერო კონფერენციას ვერ დაესწრო, კანადისა და რუსეთის დროები
აერია, რადგან საათის გადაწევა დაავიწყდა. აეროპორტში მორიგი ფიასკოთი დათრგუნული ფილიპი
სატელეფონო საუბრისას ძმა ურიგდება. ისინი თმობენ მარადიულ კინკლაობას და უკვე ერთად
ვახშმობისათვის ემზადებიან. ძმასთან შერიგება, ანუ თავის მეორე მესთან შერიგება, ფილიპს
გამოსდის. ძმა, შერიგება, ვახშამი, კოსმოსში გაფრენის შანსი, ანუ ოცნების ასრულება
- აი, რა ყოფილა ადამიანის უწონადობის მიზეზი. ამას გვეუბნება რობერ ლეპაჟი და მთელი
დეკორაციის სიგრძე-სიგანეზე სარკეები გაიშლება. ივ ჟაკი სცენაზე წევს და იწყებს მოძრაობას,
მაგრამ სარკეების ნატეხები ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მაყურებელის თვალწინ
ნამდვილი უწონადობა თამაშდება. მაყურებელი არ უყურებს სცენაზე მოძრავ მსახიობს, ის უყურებს სარკეებს, რომელიც იმგვარად
ჩეხავს პერონაჟის სხეულს, რომ სრული უწონადობის ილუზია იქმნება. უნდა გავიხსენოთ, რომ
ლეპაჟის ამავე სახელწოდების ფილმში, სადაც ამ ილუზიის შექმნა ტექნიკურად უფრო მარტივია,
ფილიპი უახლოვდება საბჭოთა მოსკოვის დროინდელ დიდ აფიშას, სადაც რუსი კოსმონავტები
არიან გამოსახულნი. ამ უზარმაზარი ფოტოს წინ, ფილიპი საკამზე ჩამოჯდება და უცებ სათვალე
აიწევს, მერე ფეხი „ავარდება“ ზევით“, სათვალე ნელ-ნელა მაღლა მიფრინავს და მთავარი
გმირიც თან მიჰყვება. გამოჩნდება, საბჭოთა რუსეთის დროინდელი ლოზუნგი:”ВСЕ ВЫЩЕ И
ВЫЩЕ”. უფრო მაღლა და მაღლა, ადამიანებო! მიზანდასახულ ოცნებას, ოქროს თევზი ყოველთვის
აგისრულებთ და თქვენ იგრძნობთ ნანატრ უწონადობას, რომელიც ალბათ მხოლოდ სულის სხეულიდან
გასვლის დროს ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ, ცოცხლები ამას გარდაცვალებამდე ვერ შევიგრძნობთ.
სპექტაკლშიც და ფილმშიც ეს სცენა მიმდინარეობს ბეთოვენის „მთვარის სონატის“ ფონზე და
მერეღა ხვდები რატომ ჰქვია დედის ოქროს თევზს „ბეთხოვენი“.
ლეპაჟის სპექტაკლი კოსმოსურ ხომალდს მიაგავს, რომელიც
ისე ზუსტად, უშეცდომოდ და სკურპულოზულად არის აწყობილი, რომ მისი გაფრენა გარდაუვალია. ფინალური სცენა სწორედ რეჟისორის ჩანაფიქრის გალაქტიკაში
გაფრენას გავს, სადაც უწონად მსგომარეობას მაყურებელიც ეზიარება.
ამ იმედიან და ფანტასმაგორიული ფრენის ფონზე მთავრდება
კომპანია EX MACHINA-ს სპექტაკლი, რომელიც უკვე რამდენი წელია მოგზაურობს მსოფლიოში.
ლეპაჟის თეატრის ეს დასახელება ითარგმნება, როგორც „მანქანიდან გადმოსული“. სათაური
აღებულია DEUS EX MACHINA-დან, რომელიც ნიშნავს „მანქანიდან გადმოსული ღმერთი“. ფილიპის
სცენურ ცხოვრებას მანაქანები განაგებენ. ამ სპექტაკლში ტექნიკა უჩინარი პერონაჟია,
რომელიც ილუზონისტურ ქმედებებს აკეთებს. ფილიპი
კაცობრიობის განზოგადოებული სახეა, რომელიც შესანიშნვად განმარტა ციოლკოვსკიმ:
„დედამიწა კაცობრიობის აკვანია, და არც ერთ ადამიანს არ უნდა მთელი ცხოვრების აკვანში
გატარება“. ამიტომ გამოიგონა ადამიანმა ტექნიკა, რომ რაღაცა მანქანებით მოწყვეტოდა
დედა-მიწას და შეეცნო საკუნეების განმავლობაში მრვალ მეცნიერთა საოცნებო გალაქტიკა.
გალაქტიკა, რომელიც გაიგივებულია ჭეშმარიტ ხელოვანთან, რომელიც ეძებს თავგადასავლებს
და საკუთრი თავის შეცნობის შემდეგ სარკედ ექცევა იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან,
რომ თავისუფლება ჭეშამრიტად ღირებული მცნებაა.


